უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილია. გარდაცვლილები არიან დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. ისინი ყოფილი სპეცრაზმელები იყვნენ და უკრაინაში მოხალისეებად იბრძოდნენ.
დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ასევე, ფრანგი მოხალისე.
ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ქართველი სამხედროები დაღუპულთა ცხედრების გამოსაყვანად სპეცოპერაციას აწარმოებენ.
“გუშინ ირპენში ბრძოლაში სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ ორკების სამი ერთეული ჯავშანტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა, ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმტყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა, ჩვენი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპა”, – ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა.
შეგახსენებთ, რუსი აგრესორები, რომლებიც უკრაინულ სამხედრო ფორმაში იყვნენ გადაცმული, კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან ტანკებით იმ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ქართველი მოხალისეები იყვნენ განლაგებული.