გაზის მწარმოებელი რუსული კომპანია Novatek-ის დირექტორთა საბჭო პუტინის დიდი ხნის მოკავშირე გენადი ტიმჩენკომ დღეს დატოვა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ტიმჩენკო, რომელიც Novatek-ის დირექტორთა საბჭოში 2009 წლიდან შედიოდა, სანქცირებული პირთა სიაშია. Novatek რუსეთის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიაში ტიმჩენკოს გადადგომის მიზეზს არ ასახელებენ.
გასულ თვეს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ტიმჩენკოსა და პუტინთან დაახლოებულ სხვა მილიარდერებს სანქციები დაუწესა, ხოლო აშშ-ის სანქციების სიაში ის, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლიდან შედის.
Forbes-ის გასული წლის რეიტინგით, გენადი ტიმჩენკო რუსეთის მეექვსე უმდიდრესი მილიარდერია, ვისი ქონებაც 22 მლრდ დოლარს შეადგენს.
ტიმჩენკო, ასევე, ნავთობქიმიური პროდუქტების მწარმოებელ Sibur-ის დირექტორთა საბჭოს წევრიც არის. ის შვეიცარიაში დაფუძნებული ნავთობით მოვაჭრე კომპანია Gunvor-ის თანადამფუძნებელი იყო, თუმცა თავისი წილი 2014 წელს, მას შემდეგ გაყიდა, რაც შეერთებულმა შტატებმა მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
1990-იან წლებში გენადი ტიმჩენკო სანკტ-პეტერბურგსა და მის მახლობლად რამდენიმე სავაჭრო კომპანიას ფლობდა, როცა პუტინი ქალაქის მერის ოფისში მუშაობდა.