მარიუპოლის დღიურები ნადეჟდა სუხორუკოვასგან – ამობუგული ფანჯრებიდან მომზირალი შავი თვალები

ნადეჟდა სუხორუკოვა მარიუპოლიდანაა. მან უკვე კარგად იცის, რა არის ნამდვილი ომი, შიში და სიკვდილი, მაგრამ კარგად იცის გამარჯვების ფასიც და სჯერა უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისა, განსაკუთრებით ახლა, როცა მაგალითად ხარკოვში, ნამდვილი გაზაფხული დადგა. ნადეჟდა თავის განცდებს, ყოველდღიურ ამბებს თუ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ასე ცდილობს მსოფლიოს მიაწვდინოს ხმა დაბომბილი ქალაქების ქუჩებიდან თუ თავშესაფრებიდან.

როგორ ცხოვრობენ ადამიანები უკრაინის იმ ქალაქებში, რომლებსაც რუსული საოკუპაციო არმია ბომბავს, სადაც საჰაერო განგაშის ხმა ყოველდღიურობად იქცა, სადაც თავშესაფრიდან გამოსვლა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს, სადაც დაღუპულებს კორპუსების ეზოებში მარხავენ.

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის 80-90% გაანადგურეს. ეს ინფორმაცია ორიოდ დღის წინ გაავრცელა მარიუპოლის ადგილობრივმა ხელისუფლებამ. მარიუპოლის მერის მოადგილე, სერგეი ორლოვი ამბობს, რომ ქალაქში, რომელსაც ომამდე 450 ათასი მკვიდრი ჰყავდა, დაღუპულია 3 ათასზე მეტი ადამიანი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მსხვერპლი გაცილებით დიდი იყოს.

24 თებერვლამდე, უკრაინაში ომის დაწყებამდე, 51 წლის ტელეჟურნალისტი ნადეჟდა სუხორუკოვა, მარიუპოლის მკვიდრი, სოციალურ ქსელში ძირითადად მისი საყვარელი ძაღლისა და კატის შესახებ წერდა. წერდა სხვა ყოველდღიურ ამბებზეც, მაგალითად, იმაზე, რომ მარიუპოლში მოთოვა, ეგვიპტეში იმოგზაურა, საინტერესო სიუჟეტი მოამზადა მარიუპოლელ კარდიოქირურგზე, დისშვილი მოენატრა, 2 თებერვალს დაბადების დღის მილოცვებსაც გამოეხმაურა… თითქოს არაფერი განსაკუთრებული, არავისგან გამორჩეული ფეისბუკის გვერდი.

ნადეჟდას ცხოვრება და მასთან ერთად მისი ფეისბუკის გვერდიც, ომმა ამოატრიალა. ბოლო ორი დღეა, ჟურნალისტის ონლაინ-დღიური, წამყვანი საერთაშორისო მედისაშუალებების განსაკუთრებული ინტერესის ეპიცენტრში მოექცა. ნადეჟდამ თავისი მძაფრი დღიურებით, საოკუპაციო ძალების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან ხალხის ხმა გამოიტანა.

51 წლის ჟურნალისტმა მარიუპოლის დატოვება რამდენიმე დღის წინ მოახერხა. 19 მარტს, ნადეჟდა სუხორუკოვამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ რომ ამ დილით არ წამოვსულიყავით, ცოცხლები აღარ ვიქნებოდით“.

ახლა ის, სავარაუდოდ, უსაფრთხო ადგილასაა. ონლაინ-დღიურებში, რომლებიც 2 მარტს წყდება და 18 მარტიდან ახლდება სიტყვებით “მეგობრებო, ცოცხალი ვარ”, ჟურნალისტი დეტალურად აღწერს, როგორ ცხოვრობენ მარიუპოლში ადამიანები ბოლო სამი კვირაა. როგორც იხოცებიან მისი მეგობრები, მშვიდობიანი მოქალაქეები მარიუპოლოს ქუჩებში, საკუთარ სახლებში და რომ ახლა იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს.

თავის პოსტებს კი ასრულებს თხოვნით, რომ გავაგებინოთ ადამიანებს მისი ქალაქისა და იქ დარჩენილი ადამიანების შესახებ.

ერთ-ერთი ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში ნადეჟდამ 20 მარტს გამოაქვეყნა:

“იცით, როგორი საშიშია ახლა თუნდაც რამდენიმე წუთით განშორება? გამუდმებით ვუმეორებ საკუთარ თავს, რომ ჯოჯოხეთში აღარ ვარ, მაგრამ მაინც სულ მესმის თვითმფრინავების ზუზუნი, მაინც ვხტები ყველა ხმაურზე და თავს მხრებში ვმალავ. მეშინია, როცა ვინმე მიდის. იქ, ჯოჯოხეთში, ყველა ვერ ბრუნდებოდა.

სიფრიფანა ანია თხუთმეტსართულიანიდან, ყოველ დღე მოდიოდა. მისი მშობლები სკოლის გვერდზე, კიროვის ქუჩაზე ცხოვრობდნენ და ძალიან ღელავდა მათზე. თავისთან გადმოყვანა ვერ მოახერხა. ორი გაჩერების მანძილის ოდენა დაშორებაც კი მათთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. მისი ბინა პირდაპირ კორპუსის სახურავის ქვეშაა. თვითმფრინავები, რომლებიც ბომბავდნენ ქალაქს, გეგონა, რომ სწორედ მისი სხვენის თავზე ტრიალებდნენ.

ანია ყოველ დღე, ტყვიების წვიმაში მიდიოდა მშობლების სანახავად. მის გარშემო ბომბები​ ფეთქდებოდნენ. ის წვებოდა მიწაზე და თავზე ხელებს იფარებდა. ძალიან ეშინოდა. მშვიდობის დროს გზა არც ისე გრძელი იყო, მაგრამ დაბომბვისას, ეს გზა, ფაქტობრივად, გაუვალი ხდებოდა. ანია ამ გზას ორჯერ გადიოდა – იქით და აქეთ და ხედავდა, როგორც იცვლებოდა ყველაფერი თვალსა და ხელს შუა. ჯერ კიდევ გუშინ საღი სახლები, ერთ ღამეში ნანგრევებად იყო ქცეული – ამობუგული ფანჯრებიდან მომზირალი შავი თვალებით.

მას გმირად ვთვლიდი. ის მიდიოდა მშობლების სანახავად, შემდეგ მოდიოდა ოსიპენკოს ქუჩაზე მდგარ სახლში, ცოტა რომ ამოესუნთქა და მერე თავის ბინაში ბრუნდებოდა. სვამდა წყალს, დგებოდა კარის ზღურბლზე და დუმდა. ხანდახან მოჰქონდა ასე ძვირფასი საფენები და საცხი ახალდაბადებული ნიკიტასთვის. ბავშვი ამ სახლის სარდაფში დაბადებიდან ცხოვრობდა. ყვითელ წიწილას ჰგავდა. ძალიან აკლდა მზე.

ანია ყოველ დღე იცვლებოდა, ზუსტად ისე, როგორც ქალაქი. თვითონ უფრო და უფრო გამჭვირვალე ხდებოდა, შავი ხაზები მისი თვალების გარშემო კი უფრო მუქი და მუქი. ანია არაფერს ჭამდა. ამბობდა: „არ შემიძლია ლუკმის ჩადება, არ გადამდის ყელში“. იმის შესახებ, თუ რას ხედავდა ქუჩაში, არ ლაპარაკობდა. ჩვენთან ბევრი ბავშვი იყო და არ უნდოდა, ვინმე შეეშინებინა.

როდესაც ჩვენს რაიონის დაბომბვა ლამის შეუჩერებლად დაიწყეს, ანიამ მშობლებთან სიარულს უკლო. რამდენიმე დღეში ერთხელ მიდიოდა. ვფიქრობდი, რომ ანია იმდენად სიფრიფანა და გამჭვირვალე იყო, რომ ბომბების ნატეხები ვერ ხედავდნენ. მას შემდეგ, რაც ჩვენი ახლობლების სახლს რაკეტა დაეცა და სხვა სარდაფში გადავედით, ანია აღარ გვინახავს. ის ახლაც მარიუპოლშია. მას არ ჰყავს მანქანა. მხოლოდ მოხუცი მშობლები და რამდენიმე კატა ჰყავს.

11 მარტს ჩემი მეგობრის ქმარი დაიღუპა. ერთი დღით ადრე, ჩვენთან იყვნენ მოსულები და ჩემი მეგობარი ოცნებობდა, რომ ომის შემდეგ შევხვდებოდით. ვიტიამ, მისმა ქმარმა, რომელიც ჩუმი ადამიანი იყო, ამჯერად მტკიცე პირობა დადო, რომ გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად შევხვდებოდით. მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა.

​მომდევნო დღეს, როცა გარშემო ყველაფერს ზანზარი გაუდიოდა, თითქოს გიგანტურ შუშას ჭრიდნენ რკინის ხერხით, ბავშვები სარდაფში იყუჟებოდნენ, უფროსები კი ვისხედით გრძელ ტახტზე და თავებზე ბალიშებს ვიფარებდით, თითქოს ბალიში გვიშველიდა, სარდაფში 13 წლის საშა შემოვარდა და დაიყვირა: „მე საშა ვარ. ჩვენ სახლში ის… შემოფრინდა“. ჩვენ ვკითხეთ: „დედა სადაა, ყველანი ცოცხლები ხართ?“ გვიპასუხა, ყველანი ცოცხლები ვართ, მაგრამ მამა მოყვა ნანგრევებში, დედა თხრის.

შემდეგ გაირკვა, რომ საშას მამა სამუდამოდ შთანთქა ნანგრევებმა. საუკეთესო ოპერატორი, ძალიან კარგი ადამიანი, მოსიყვარულე მამა და ქმარი, წყნარი, კეთილი, იწვა საკუთარი ბინის იატაკზე, მეცხრე სართულზე, გაჩეჩქვილი თავით და არაბუნებრივად ამოტრიალებული ფეხით. ვერც დაკრძალვა მოვახერხეთ, ვერც ჩამოყვანა. რამდენიმე დღეში, მთელი სადარბაზო დაიწვა ვიტიასთან ერთად. სახლს დამიზნებით ესროლეს.

იქ, მარიუპოლში, საერთო თეფშით ვჭამდით, რომ ზედმეტი წყალი არ დაგვეხარჯა ჭურჭლის დასარეცხად. ერთ “მატრასზე” ვიწექით, ასე უფრო თბილად ვიყავით. გარეთ გამოსულები ყველა შემხვედრს მივდევდით, რომ გაგვეგო, რა ხდებოდა მეზობელ ეზოებში. დავივიწყეთ, რომ არსებობდა მაღაზიები, ტელევიზორი, სოციალური ქსელები, ცხელი შხაპი და ნამდვილი საწოლი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბლოკადის განმავლობაში, ქალაქიდან 40 ათასამდე ადამიანი გავიდა. ჯოჯოხეთში ისევ რჩება ათასობით ადამიანი. მათ დღითიდღე უფრო უჭირთ გადარჩენისთვის ბრძოლა. მოუყევით ადამიანებს სიმართლე ჩემი ქალაქის შესახებ”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share