რუსეთთან ამდენწლიანი ომისა და მტრობის პირობებში, ათობით ათასი ქართველისა და რუსეთის მეზობელი სხვა ეთნოსის წარმომადგენლის სიცოცხლის შეწირვის შემდეგ, რომლებიც მოსკოვში მსხდომი ვიღაც მოხუცი მარაზმატიკების გაუგებარ და უპერსპექტივო გეოპოლიტიკურ პროექტს შეეწირნენ, ცოტათი მეზედმეტება და მეუცნაურება, რომ ამ კითხვის დასმა გვიწევს და, საერთოდ, განვიხილავთ საკითხს, რომელშიც რუსეთის და ამ სახელმწიფოს მოსახლეობის პასუხისმგებლობის ხარისხზე ვლაპარაკობთ!
უცნაურია ერთი მარტივი მიზეზის გამო – ხომ ადვილია იმისთვის სახელის დარქმევა, რასაც რუსეთი გვიკეთებს ჩვენ და ჩვენს მეზობლებს ამდენი წლის განმავლობაში და რატომ ვერ დავარქვით სახელი იმას, რასაც რუსეთი სჩადის? რატომ გვაქვს დღემდე ორი რუსეთის წარმოდგენა და უცნაური კამათის ჟინი იმაზე, თუ რატომ და რაშია დამნაშავე რუსეთი?!
უკრაინის კრიზისმა, მთელი ეს პოლემიკა გარკვეული დოზით ჩაახშო, გამოაცალა ყოველგვარი ჰუმანისტური არგუმენტი და, პირველ რიგში, წარსულში ნებაყოფლობითი რუსოფილებისთვის გაუმართლებელი ქმედება გახდა ის სადიზმი, რომელსაც ახლა ყოველი ჩვენგანი ვადევნებთ თვალს, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში… მოკლედ, ამ ყველაფრის ფონზე, რაც ისედაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, არარელევანტურად მიმაჩნია საერთოდ ამ საკითხის განხილვა და უპირობოდ დასაყენებელია ყველაფერი ისე, რომ რუსმა ერმა აგოს პასუხი იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მისი ჩართულობით და დანაშაულებრივი დუმილის პირობებში ჩაიდინა მისმა სახელმწიფომ.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რუსი ერი ისეთივე დამნაშავეა იმ ყველაფერში, რაც ახლა ხდება, როგორიც კრემლში გამაგრებული ერთი კაცი – პუტინი! ამ ერთმა პიროვნებამ, პირველ რიგში, თავად რუსებისთვის გააკეთა ყველაზე ცუდი რამ, რაც კი შეეძლო გაეკეთებინა და მსოფლიოს დაუბრუნა საკუთარი ერის ის სიძულვილი, რომელიც მთელს სსრკ-ს ჰქონდა გადანაწილებული წარსულში. ამ 23 წლის განმავლობაში, რაც პუტინი ხელისუფლებაშია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მსოფლიოს ის ბოროტება გახსენებოდა მთელი სიცხადით და შემდეგ, უკვე, მის მიმართ წარსულში არსებული სიძულვილი, მიუღებლობა ახლანდელი რუსეთისკენ გადმოემისამართებინა!
ამას მოხერხება და განსაკუთრებული იდეოლოგიური დახშულობა სჭირდება, რომელიც რუსმა ერმა დაუშვა და ახლა, რატომღაც, საკუთარი თავის მიმართ მაღალი ხარისხით ტოლერანტულობას ითხოვენ, მაშინ, როდესაც მათი ელემენტარული სამოქალაქო პოზიციაც კი საკმარისი იქნებოდა უახლოესი წარსულის მოცემულობაში, რომ უამრავი ახალგაზრდის და უდანაშაულო ადამიანის სისხლი არ დაღვრილიყო! – მაგრამ მაშინ რუსი ერი თავს კარგად გრძნობდა!
რუსმა ერმა არც ერთ ისტორიულ, გადამწყვეტ მომენტში არ დაიჭირა ცივილიზებული სამყაროს მხარე, ყოველთვის იყო პუტინისა და მისი “ველიკოდერჟავნიკული” მსოფლმხედველობის გამზიარებელი, მხარდამჭერი და გულმხურვალე დამცველი. ყოველ რუსში იდო ის ნოსტალგია, რომელიც სსრკ-ის “დიდებას” ეფუძნებოდა და ყოველთვის ეს ერი და მისი საზოგადოება რუსეთის არმიას იმ მკვლელებით ამარაგებდა, რომლებიც პუტინისა და მისი მრჩევლების დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდნენ.
მას შემდეგ, რაც სსრკ დაიშალა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, მთელი მსოფლიო მობილიზებულია იმისკენ, რომ რუსმა ერმა სახე შეინარჩუნოს და დანაშაულებათა მთელი წყება, რომელიც მათი სახელმწიფოს მიერ არის ჩადენილი, მათთან კავშირში არ იყოს! ახლაც ასეა…
სამეზობლოს მიმართ ვინ ჩივის და საკუთარი თავი და საკუთარი ღირსება ვერ დაუცვიათ, საკუთარი ცხოვრება ვერ მოუწყიათ და საკუთარი იდეოლოგია ვერ უპოვიათ. ამ პირობებში კი რატომღაც გადაწყვიტეს, სხვებს ასწავლონ და მოუწესრიგონ ცხოვრება!? – კლასიკური კოგნიტიური დისონანსია!
შესაბამისად, თუკი დაყვავებითა და დასავლეთ ცივილიზაციური მიდგომებით არ გამოდის ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ერის გაცივილურება და თავად მიილტვიან სამხედრო ხასიათის ავანტიურისკენ, უნდა დაისაჯონ იმავე მიდგომებისა და ნორმების მიხედვით, როგორსაც იმსახურებს უსამართლო თავდამსხმელი, მიმდინარე ომის მოცემულობაში!
რუსეთიდან საქართველოში შესაძლო რუსი ე.წ. ლტოლვილების მასობრივი გადმოსვლის წინააღმდეგ ატეხილმა აჟიოტაჟმა განაპირობა ამ სტატიის დაწერის აუცილებლობა.
ეს პროცესი რომ რაღაცნაირად არაჯანსაღი და საეჭვოა, ფაქტია! ამას მიანიშნებს ის, რომ ვერაფრით აიხსნება, თუ რას გაურბიან რუსები მოსკოვიდან? მათ ქვეყნის ტერიტორიაზე არც ომია და არც მათ შვილებსა და ოჯახის წევრებს აცვივათ თავზე ასეულკილოგრამიანი ბომბები… მაშ, რას გაურბიან? სანქციების შედეგად გართულებულ ცხოვრებას? და ისევ იქ მივდივართ, რომ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ღირსეულად ცხოვრების უფლება ვერ დაუცავს ამ ერს და, მგონი, რომ დადგა დრო, მათაც მიიღონ გაკვეთილი, რომელიც რაღაც წილ გამოასწორებს მათ მსოფლმხედველობრივ პოზიციას მომავალში მაინც და გააცნობიერებინებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას – როდესაც შენი ქვეყნის პოლიტიკის წინააღმდეგია ცივილიზებული სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც მინიმუმ, უნდა დაფიქრდე იმაზე, რას არ აკეთებს სწორად შენი სახელმწიფო, გქონდეს ამაზე რეაქცია და თუ საჭირო გახდება, დაამხო კიდეც ხელისუფლება, რომელიც შენსა და შენს მეზობლების შორის დაუსრულებელი სისხლისღვრის ხელშემწყობია! ვიდრე ამას არ აკეთებს ერი, ისიც ჩვეულებრივი დამნაშავეა, არ აქვს მნიშვნელობა ამ მოცემულ მომენტში არც ასაკს, არც სოციალურ სტატუსს, არც განათლების ხარისხს და არც მსოფლმხედველობრივ პოზიციას!
ერის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა უნდა იგრძნოს ის, რომ მას საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აკისრია ცივილიზაციის წინაშე ისევე, როგორც ყველა სხვა ერის წარმომადგენელს – ამ შემთხვევაში არც რუსი ერი უნდა იყოს გამონაკლისი!
ლადო ჩალათაშვილის ბლოგი