ალბათ, ბევრს ახსოვს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე მწერალი გურამ პეტრიაშვილი, პრეზიდენტთან ერთად განდევნილი სამშობლოდან, სადაც 20 წლის შემდეგ დაბრუნდა. ეს დრო მან უკრაინაში გაატარა. ულუკმაპურო და უსახლკარო მწერალი უკრაინამ იმ დროს მიიღო, როცა თავადაც ძალიან უჭირდა. მწერალი უკრაინელებს, მათ ხასიათსა და მოყვასის სიყვარულს იხსენებს და დარწმუნებულია, რომ ამ ხალხს თავისუფლების სიყვარულს ვერაფერი ჩაუკლავს.
გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა:
“უკრაინელები თავიანთი ლტოლვილობიდან სამშობლოში ამაყები დაბრუნდებიან, თავად კი მხრებზე ტვირთით დავბრუნდი, რაც დღესაც არ მასვენებს. სანამ ლტოლვილებად ვიქცეოდით, ზვიად გამსახურდიამ უკრაინაში საქართველოს ელჩად გამამწესა. როდესაც ვკითხე, პოლიტიკა არ ვიცი და უკრაინაში რა უნდა ვაკეთო-მეთქი? მიპასუხა, რასაც აქ აკეთებ – ქართულ ენას ემსახურები, იქაც უკრაინულ ენას ემსახურეო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ემოციური ხასიათით ჩვენ, ქართველებს, ძალიან გვგვანან და ჩვენსავით რომანტიკოსები და არაპრაგმატულები არიან.
უკრაინელები ჩვენსავით უფრო რომანტიკულები არიან, ვიდრე, მაგალითად, გერმანელები; უკრაინელებს ისევე ძალიან უყვართ პოეზია, როგორც ჩვენ. შეიძლება ძნელია ამის წარმოდგენა, მაგრამ უკრაინულ ფოლკლორში 400 000-ზე მეტი ლექსია. წარმოგიდგენიათ, ამდენი ლექსი ერთმა ერმა დაწეროს?!
უკრაინელი გლეხის ეზო ისეთივე კოპწიაა, როგორიც, მაგალითად, ჩვენი გლეხისა. უკრაინაში მეგობარი მყავს, მიხეილ სოპილნიკი. ამ სოპილნიკმა თავის სოფელში წამიყვანა. იქ, რასაკვირველია, ცოტა დავლიეთ და ამიტომ დიდი ყურადღება არც მიმიქცევია, როგორ ოთახში მაძინებდნენ, თუმცა დილით რომ გავიღვიძე და ოთახში მიმოვიხედე, გაოცების შეძახილი აღმომხდა – სახლის პატრონს ქათქათა თეთრი ოთახი მთლიანად წითელი ვარდებით მოეხატა. აი, მაშინ დავფიქრდი, როგორ უნდა გრძნობდეს ეს უკრაინელი გლეხი სილამაზეს, რომ სახლის მოხატვაზე ამდენი დრო დახარჯოს! აი, ასეთი სილამაზის მოტრფიალეები არიან უკრაინელები და თანაც – სტუმრისა და მეგობრის მოყვარულები. როდესაც უკრაინაში ჩავედი, ძალიან ჭირდა. ეს დამოუკიდებლობის პირველი წლები იყო და მათაც უჭირდათ პრობლემებთან გამკლავება. სამუშაო რომც გქონოდა, ძალიან ცოტას გიხდიდნენ. როდესაც ჩემი უკრაინელი მეგობარი რამეს იშოვიდა, მაშინვე ჩემთან გაჩნდებოდა და მეც მივყავდი იმ თავის ნაშოვნ სამუშაოზე. აღებულ თანხას თითქმის მთლიანად ცოლ-შვილს ვუგზავნიდი ჩერნიგოვში, მე კიევში ვიყავი, რათა სამუშაო მეშოვა. რამდენადაც მწარედ მახსოვს ეს პერიოდი, იმდენად მადლიერი ვარ ჩემი უკრაინელი მეგობრების. ერთხელ წნევის ისეთი კრიზი დამემართა, სანახევროდ მკვდარი მიპოვეს, კლინიკაში წამიყვანეს და გადამარჩინეს. თან გვერდიდანაც არ მომშორებიან. ეს კრიზი ექიმებმა კვებას დააბრალეს. საქმე ის იყო, რომ მრავალფეროვან საკვებს ვერ ვიღებდი, არ იყო ამის საშუალება, ამიტომ მთელი დღეების მანძილზე მცირეოდენ კარაქსა და პურს ვჭამდი, რამაც ჰიპერტონიული კრიზი დამმართა.
ის 20 წელიწადი, რომელიც ჩემს უკრაინელებთან ერთად ვიცხოვრე, უდიდეს ტკივილთან ერთად, ალბათ, ჩემთვის ბედის საჩუქარიც იყო, რადგან ნამდვილი ხალხის გვერდით ვიყავი. რაც უნდა მოხდეს, მათ ვერაფერი დაამარცხებს, რადგან მონობას არასოდეს შეეგუებიან.” – ამბობს გურამ პეტრიაშვილი.