მოსკოვში, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაარსებულ „გორჩაკოვის ფონდში“, სადაც უკრაინელებისა და დასავლეთის დისკრედიტაციის კამპანიაა გაჩაღებული, მოსკოვი საქართველოსთან „ნათელ მომავალს“ წინასწარმეტყველებს.
სწორედ რუსული „გორჩაკოვის“ ფონდისა და მისი შვილობილის, ქართულ-რუსული „პრიმაკოვის“ ფონდის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აწ უკვე პარლამენტარი, გრიგორი კარასინი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სანქციებზე ნათქვამი უარი შეუქო.
კარასინთან შეხვედრის დროს გადაღებულ ფოტოებში ჩანს „პრიმაკოვის“ ფონდის ხელმძღვანელი, 5 ივლისის ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული პოლიტიკოსი, დიმიტრი ლორთქიფანიძე. “პრიმაკოვის ფონდი” კრემლის ანტიდასავლურ ინტერესებს ემსახურება საქართველოში.
ქება მოსკოვში
უკვე მერამდენედ მოდის კმაყოფილების სიგნალი მოსკოვიდან, რომელიც უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებსა და უარს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის, უკრაინაში შეჭრის გამო, დაწესებულ მკაცრ სანქციებთან შეერთებაზე.
„პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენ განვიხილავთ როგორც ტრადიციულ მეგობრებს. დამყარებული ურთიერთობები ხასიათდება ერთმანეთის დახმარებით. რუსეთი მომხრეა, რომ ყველაფერს მშვიდად მიუდგეს. სანქციების რეჟიმები „წვრთნის“ რუსეთის სახელმწიფოს. ვინც ჩვენ პატიოსნად გვეპყრობა და ნიღბის გარეშე გველაპარაკება, ჩვენს მეგობრად დარჩება. უკრაინაში ვერ შედგა სახელმწიფოებრიობა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ეს ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი“, – თქვა 24 მარტს, “გორჩაკოვის ფონდში”, ქართველ და რუს ექსპერტებთან შესახვედრად მისულმა გრიგორი კარასინმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და სახალინის სენატორმა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივ მოლაპარაკებებში – ე.წ. პრაღის არაფორმალური დიალოგის აბაშიძე-კარასინის ფორმატში, რუსეთს წარმოადგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძიემ 25 მარტს „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი „ერთ-ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით“ და საერთო არაფერი აქვს პრაღის ფორმატთან. აბაშიძე ამბობს, რომ ასეთი ვიზიტი „არსებულ ვითარებაში“ მიზანშეწონილად არ მიაჩნია. საჯარო ინფორმაციის თანახმად, თავად აბაშიძესა და კარასინს შორის ბოლო შეხვედრა „პრაღის ფორმატში“ 2021 წლის ნოემბერში გაიმართა.
კარასინმა 24 მარტს თქვა, რომ საქართველოს პოზიცია რუსეთში „შეუმჩნეველი არ დარჩება” და ნათელ მომავალზე ისაუბრა.
„ჩვენს ურთიერთობებს აქვთ ნათელი მომავალი“ – რუსეთისა და საქართველოს „კავშირების“ შესახებ კარასინის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები პირდაპირ სათაურში აქვს მოყვანილი „გორჩაკოვის ფონდს“. ქართველ “ექსპერტებთან, პოლიტოლოგებთან და მეცნიერებთან” გამართულ შეხვედრას საგანგებო ყურადღება დაეთმო როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტგვერდებზე.
საკუთარ ფეისბუკგვერდზე ინფორმაციას ავრცელებს დიმიტრი ლორთქიფანიძის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრიც, რომელიც რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ევგენი პრიმაკოვის სახელს ატარებს და რომელიც, მკვლევრების შეფასებით, საქართველოში რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია.
ქართულად და რუსულად გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ღონისძიება 2-დღიანია და 24 მარტს, შეხვედრის ქართველ და რუს მონაწილეებს თავად ლორთქიფანიძემაც მიმართა.
ცნობაში არ არის ნახსენები გრიგორი კარასინი, თუმცა ის, გამოქვეყნებულ ფოტოზე, გრძელი მაგიდის თავში ზის. მკაცრად გასაიდუმლოებულია მონაწილეთა გვარები და რადიო თავისუფლებამ ორგანიზაციასთან დაკავშირება ვერც საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით მოახერხა.
“მომდევნო ორი დღის განმავლობაში მონაწილეები განიხილავენ არა მხოლოდ მიმდინარე რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, არამედ გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების, ეკონომიკის, სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების შენარჩუნების საკითხებს”, – ვკითხულობთ „პრიმაკოვის ფონდის“ განცხადებაში.
“ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი” საქართველოში 2013 წელს დაარსდა, “გორჩაკოვის ფონდისა” და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ. წესდების მიხედვით, ის რუსული ენის, კულტურისა და მეგობრული კავშირების გავრცელება-გაძლიერებას ემსახურება.
დიმიტრი ლორთქიფანიძე „გორჩაკოვის ფონდის“ მოსკოვის ცენტრის საკმაოდ ხშირი სტუმარია და ხშირად იმეორებს, რომ რუსეთისთვის საქართველო ორგანული ნაწილია, ხოლო დასავლეთი და ნატო მას მხოლოდ იყენებს. 2019 წელს, ლორთქიფანიძე თავის ლექციაზე მისულ აუდიტორიას აიმედებდა, რომ დიდი დრო აღარ რჩებოდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების „ახალი ეპოქის“ დაწყებამდე.
ძალადობასთან თანაზიარი დოქტრინა
პრობლემა განსაკუთრებით გამოიკვეთა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციების დროს, როცა დიმიტრი ლორთქიფანიძე სწორედ ამ აქციების მთავარ ორგანიზატორთან, „ალტ-ინფოსთან“ ერთად აქტიურობდა.
იმ დღეებში რუსი ულტრანაცინალისტი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი ფეისბუკგვერდზე აზიარებდა „ალტ-ინფოს“ ვიდეოებს და აღფრთოვანებული იყო პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებით. დუგინმა გააზიარა დიმიტრი ლორთქიფანიძის ლაივ-ჩართვაც შემთხვევის ადგილიდან, რომელშიც „პრიმაკოვის ფონდის“ ხელმძღვანელი სიამაყით ამბობდა – „ევროკავშირის დროშა აღარ არის… მხოლოდ საქართველოს დროშა დარჩა“. ლორთქიფანიძე აქტიურად უჭერდა მხარს 5-6 ივლისის მოვლენებს და მათ შორის – პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებზე იერიშსაც.
რადიო თავისუფლება