სულ უფრო ღრმავდება დაპირისპირება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის. სამშაბათს „ქართულმა ოცნებამ” ღიად დაადანაშაულა პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ეს სკანდალი ჩვენს რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი მწვავე ვითარების ფონზე განსაკუთრებით არასასურველია.
მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების” მიერ ითქვა, რომ „გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა”, გავრცელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაც. მათი ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობამ პრეზიდენტს ელჩის თანამდებობაზე 12 პირის დანიშვნის თაობაზე მიმართა და სალომე ზურაბიშვილმა 12-ვეს დანიშვნას ხელი მოაწერა.
ამის საპასუხოდ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „ცალსახად ტყუილს ამბობენ”.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ჩვენს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მწვავე დაძაბულობის ფონზე, არ არის კარგი პრეზიდენტისა და მმართველ გუნდის დაპირისპირება, ამიტომ ეს პრობლემა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოგვარდეს.
სააგენტო „ინტერპრესნიუსმა” პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებული რამდენი განაცხადი შევიდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რამდენი დაკმაყოფილდა სალომე ზურაბიშვილის მიერ და რამდენი კანდიდატურის დანიშვნაზე ითქვა უარი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამ პერიოდში საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.
„2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით საქართველოს მთავრობამ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა. ყველა წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის” გამოგზავნილ წერილში.
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კი აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მისი თქმით, საგარეო უწყებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებობს დახურული მიმოწერაც, რომლის გასაჯაროებაც აკრძალულია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი ამით ბოროტად სარგებლობს და „ამან მათ მისცა საშუალება, თავიანთი გათვლებით, რომ არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინათ”.
„თუ ჩვენ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ეს მიმოწერა არის დახურული ფორმატის, როგორც მე ვიცი, ამას ვერ იტყვიან და სარგებლობენ ამით და უბრალოდ, ცალსახად ტყუილს ამბობენ. ეს არის ძალიან ცუდი.
„უკვე მეც მაქვს ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ დავაზუსტე, რომ რამდენიმე ელჩთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვაზე პასუხი საერთოდ არ არის გაცემული და რამდენიმე ელჩთან დაკავშირებით არის წერილობითი უარი. რაოდენობრივად შესაძლებელია უფრო დააზუსტონ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო ცალსახად არასწორი ინფორმაცია, რომ მიმართვაზე, რაც გაიგზავნა, ყველაზე იყო დადებითი პასუხი. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია.
„დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, არის რამდენიმე შემთხვევა, როცა პასუხიც კი არ მიუწერიათ უკან საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და არის რამდენიმე შემთხვევა, როცა წერილობითი უარია ნათქვამი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით შესაბამის მიმართვაზე. იქ არის მთელი რიგი პროცედურები, სანამ თანახელმოწერასთან მივა საქმე, მანამდე არის პროცედურები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთავრობას და ადმინისტრაციას შორის, რაც არის დახურული და თუ ისინი (პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია) იმით სარგებლობენ, რომ რადგან დახურულია, რაოდენობაზეც კი ვერ გააკეთებენ აქცენტს და საერთოდ ვერაფერს იტყვიან. ეს არის არასწორი წარმოდგენა, რამაც მათ მისცა საშუალება, თავიანთი გათვლებით, რომ არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინათ,” -განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ მიმოწერა არის პროცედურის ოფიციალური ნაწილი.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, რთულია იმის ზუსტად თქმა, თუ რომელი მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა რეალური.
„რთულია ამ ეტაპზე იმის თქმა, თუ რომელი მხარის მიერ გავრცელებუი ინფორმაციაა უფრო სანდო, იმიტომ, რომ არ ვიცნობ მათ შიდა კომუნიკაციას ელჩების დანიშვნის საკითხებზე. თუმცა, ცოტა გაუგებარია, რომ არ ყოფილიყო რაიმე გაუგებრობა, რატომ წამოწევდა ამ საკითხს „ოცნება”?
„ბოლოს და ბოლოს კი მოაწერა ხელი პრეზიდენტმა, მაგრამ არ არის ნათქვამი ამას რა უძღოდა წინ. ამიტომ რთულია ამაზე საუბარი. მე უბრალოდ ჩემს მოსაზრებას ვიტყვი, რომ ასეთ დაძაბულ გარემოში დაპირისპირების გაჩაღება არც თუ ისე კარგია და იმედია რაღაცნაირად მოგვარდება ეს პრობლემა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
„რაც შეეხება დაპირისპირების გამწვავებას, არ მგონია ამას რაიმე გართულებები მოჰყვეს. გამოვრიცხავდი იმპიჩმენტსაც”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
რეზონანსი