უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.
“საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა. რათა გვერდი აუარონ სანქციებს, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის გზებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ შეუშალონ ხელი კონტრაბანდისტების საქმიანობას”. – აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში.
ამას გარდა, უკრაინის დაზვერვის სამსახურის თქმით, განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.
დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის კონტრაბანდის შეტანის კიდევ ერთი წყარო აღმოსავლეთ აზიაა, სადანაც შემოსდით ტექნიკის სათადარიგო ნაწილები, ელექტროტექნიკა და ოპტიკური დანადგარები.