რა სამუშაოებზე საქმდებიან სოციალურად დაუცველები, რომლებსაც მუშაობის სურვილი აქვთ – მთავრობის პროგრამის დეტალები

სოციალურად დაუცველ, შრომისუნარიან მოქალაქეებს 1-ელი მარტიდან შესაძლებლობა აქვთ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდნენ და ამავდროულად, სოციალური შემწეობაც შეინარჩუნონ. სხვადასხვა ტიპის, შიდა თუ გარე დასუფთავება, გამწვანება, გარემოსდაცვითი სამუშაოები, ტყის მონიტორინგი, მცირედი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, მათ შორის ღობეების შეღებვა, ეს საზოგადოებრივი სამუშაოების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს სთავაზობს და ამაში მათთვის, ხელფასის სახით, დაუბეგრავად, 300 ლარს გადაიხდის. ვის და სად უნდა მიმართოს დასაქმების მსურველმა სოციალურად დაუცველმა, რა ეტაპები უნდა გაიაროს დასაქმების სურვილის შემთხვევაში და როგორია პროგრამის სპეციფიკა, ამ თემასთან დაკავშირებულ დეტალებზე „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ესაუბრა:

– ქალბატონო თამარ, როგორც ცნობილია, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის დაწყებიდან 20 ათასი საზოგადოებრივი სამუშაო-ვაკანსიაა დარეგისტრირებული. ძირითადად რა ტიპის სამუშაოებს, დარგებსა და სფეროებს მოიცავს შეთავაზებული ვაკანსიები, რომელთა შორისაც სოციალურად დაუცველს სასურველი სამუშოს არჩევა შეუძლია?

– როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 20 ათასამდე ვაკანსიაა მობილიზებული. ძირითადად, ეს არის მუნიციპალური სერვისების სამუშაოები, რომელიც მოიცავს როგორც მომსახურების და დასუფთავების სფეროს, ისე მცირედი სამშენებლო სამუშაოების სფეროს და ძირითადად, ორიენტირებულია არაკვალიფიციური მუშახელის დასაქმებაზე. შესაბამისად, კვალიფიკაცია წინასწარი მოთხოვნა არ არის. ეს არის ძირითადი სფეროები ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ სოციალურად დაუცველებს საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში ვთავაზობთ.

– სად შეუძლიათ სოციალურად დაუცველებს ეს ჩამონათვალი ნახონ? არსებობს ერთიანი ბაზა, ვებ-გვერდი თუ მოქალაქემ სხვადასხვა რეგიონსა და რაიონში მდებარე შესაბამის მუნიციპალურ სამსახურებს უნდა მიმართოს?

– ვებ-გვერდი როგორც ასეთი, არ არის. ეს ჩვენი შიდა სამუშაო მექანიზმია, ვინაიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქის გამოცდილების, სურვილის, ტერიტორიული და გეოგრაფიული მდებარეობის ინდივიდუალური შეფასება ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ ვთავაზობთ ვაკანსიას. აქედან გამომდინარე, თითოეულმა სოციალურად დაუცველმა, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული ვაკანსიებით, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს, ასეთი კი ყველა მუნიციპალიტეტშია – 71 ტერიტორიული ერთეულია საქართველოს მასშტაბით. არის მეორე გზაც – მიმართონ დასაქმების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს, სადაც კონსულტაციას გაივლიან.

სოციალურად დაუცველმა 17 ათასმა მოქალაქემ სოცმომსახურებისა და დასაქმების სააგენტოების ოფისებს უკვე მიმართა. აქედან 7 ათასი უკვე გადამისამართებულია კონკრეტულ ვაკანსიებზე. 3 ათასზე მეტი დასაქმებულია, დანარჩენების დასაქმების პროცესი მიმდინარეობს. გურია არის ერთ-ერთი მოწინავე ამ დასაქმებით. თბილისს რაც შეეხება, ძალიან დიდი რაოდენობა მოქალაქეებისა ირჩევს არაფორმალური დასაქმების ფორმალიზებას ან თვითდასაქმებულად რეგისტრაციას.

– რა ტიპის სამუშაოებზე დასაქმდნენ ეს ადამიანები?

– ყველაზე მეტად, ამ ეტაპზე, მოთხოვნადია სხვადასხვა ტიპის დასუფთავების სამუშაოები, შიდა თუ გარე ტიპის დასუფთავების სამუშაოები, მათ შორის, სკვერების, ასევე, გამწვანება, გარემოსდაცვითი სამუშაოები, სატყეოსთან თანამშრომლობით, ტყის მონიტორინგი და სატყეოსთან დაკავშირებული სამუშაოები, ასევე, მცირედი სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღობეების შეღებვა იქნება ეს თუ მსგავსი ტიპის მცირე სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები.

– გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სურვილი თავად სოციალურად დაუცველმა უნდა გამოთქვას, ხომ არ გეგმავთ რაიმე ტიპის საინფორმაციო კამპანიას? სრულიად მოსალოდნელია, რომ მათმა ნაწილმა ამ პროგრამის შესახებ არც კი იცოდეს.

– მარტი იყო პირველი თვე, როცა ეს პროგრამა დავიწყეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ მოქალაქეებისთვის მიგვეცა დასაქმების შესაძლებლობა, რომლებიც პროგრამაში ჩართვით დაინტერესდნენ. შესაბამისად, დამოკიდებულები ვიყავით თვითდინებასა და მოქალაქეების ინტერესზე. ჩვენი შემდეგი ეტაპი, რომელიც ახლა, აპრილის თვეში იწყება, არის აქტიური საკომუნიკაციო კამპანია მოქალაქეებთან, სადაც სატელევიზიო არხები, ბეჭდვითი თუ სხვა გზები ჩაერთვება. ამის შემდგომი ეტაპი უკვე იქნება მისამართზე ვიზიტი. იმის გათვალისწინებით, რომ პირველ თვეს მცირე კომუნიკაციის ფორმატში საკმაოდ დიდი რაოდენობის მოქალაქეები დაინტერესდნენ, გვგონია, რომ თვითონ მოქალაქეები, სოციალურად დაუცველები იაქტიურებენ და მომავალშიც ჩაერთვებიან პროგრამაში.

– რა ვადით გაუფორმდა იმ 3000-ზე მეტ მოქალაქეს ხელშეკრულება?

უმრავლესობას წლის ბოლომდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ხარჯი ყოველთვის ფისკალურ წელზეა დამოკიდებული, თუმცა მომავალში ასევე იქნება სეზონური ვაკანსიები, რომლებიც 2-3-6- თვიან ხელშეკრულებასაც მოიაზრებს. ამ ადამიანებს რომ ხელშეკრულების ვადა ამოეწურებათ, მომავალ წელსაც ექნებათ შესაძლებლობა, ვადა გაუგრძელდეთ. ამ ეტაპზე, მოწოდებული ვაკანსიების დიდი უმრავლესობა განგრძობადი ვაკანსიებია. დასუფთავება, სამღებრო თუ მშენებლობის ვაკანსიები, თუმცა მომავალში სეზონურ სამუშაოებსაც შევთავაზებთ მოქალაქეებს.

– როცა პრემიერმა ეს პროგრამა დააანონსა, თქვა, რომ 200 ათასი შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა. წინასწარი ინფორმაციით კი, წელს მხოლოდ 50 ათასის დასაქმებაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ დასაქმების სურვილი უფრო მეტმა მოქალაქემ გამოთქვა, როგორია დასაქმების გეგმა?

– აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ერთი დეტალი. თუ მანამდე ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამა იმგვარად იყო აწყობილი, რომ დასაქმებისა და შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში, მათ სოციალური გასაცემელი ეხსნებოდათ, დასაქმების მოტივაცია იყო ნაკლები. ჩვენ წელს, 1-ელი მარტიდან შევცვალეთ ეს მიდგომა და ამ შემთხვევაში, პირიქით, დასაქმების წახალისება გავაკეთეთ. თუ მოქალაქე ფორმალურად დასაქმდება და მას ხელფასი დაენიშნება, ის 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად მისი ხელფასისა, სტაბილურად გააგრძელებს სოციალური გასაცემლის მიღებას. თუ ის თვითონ დასაქმდება, ამ შემთხვევაშიც გაუგრძელდება ეს პროგრამა. თუ ის თვითონ ვერ დასაქმდება, მაშინ სახელმწიფო მას დაეხმარება დასაქმებაში საზოგადოებრივი სამუშაოების სახით. არიან მოქალაქეები, რომლებიც არაფორმალურად მუშაობენ იმის შიშით, რომ ფორმალურად მუშაობა მათთვის სოციალური გასაცემლის მოხსნის საბაბი გახდებოდა. ახლა კი, ფორმალიზების შემთხვევაში მას 4 -წლიანი საშეღავათო პერიოდი ექნება და 4 წლის განმავლობაში გაუგრძელდებათ სოციალურის შემწეობის მიღება.

იმ 200 ათასი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქის რაღაც ნაწილი უკვე არაფორმალურად დასაქმებულია და მათ შეუძლიათ ფორმალიზება გააკეთონ. რაღაც ნაწილი ღია ბაზარზე დასაქმდება მათი უნარების, სამუშაო გამოცდილების შესაბამისად. რაღაც ნაწილს დასჭირდება საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვა, თუ ექნებათ სურვილი. საზოგადოებრივი სამუშაო არ არის დასაქმების ერთადერთი შეთავაზება და გამოსავალი, თუმცა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ ჩვენი მოქალაქეები დასაქმებისკენ წავახალისოთ, მათ დასაქმებას ხელი შევუწყოთ. ამ ეტაპზე, 50 ათას ვაკანსიაზე კი არის საუბარი, თუმცა ვაკანსიების მობილიზების საჭიროება გამოჩნდება თავად მოქალაქეების სურვილის შემთხვევაში.

– უკვე თუ მოგმართეს არაფორმალურად დასაქმებულმა მოქალაქეებმა, სამუშაოს ფორმალიზების თხოვნით?

– ამ ტიპის მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ეს არის ერთ-ერთი გზა და არჩევანი. ფორმალიზების გაკეთება უკვე ხდება თვითდასაქმებულის შემთხვევაში, ოფიციალურად ბიზნესის დარეგისტრირების ან დამსაქმებელთან შესაბამისი კომუნიკაციის წარმოებით. ეს არის ის გზა, რომელიც თვითონ მოქალაქემ უნდა განახორციელოს, ამ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ან დასაქმების სააგენტოს ჩართულობის გარეშე თავის დამსაქმებელთან მოლაპარაკების გზით. ან თვითდასაქმებულის შემთხვევაში ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით.

– თუ არის უკვე აღრიცხული რამდენი ადამიანი იყო არაფორმალურად დასაქმებული და მათგან რამდენმა შეიცვალა ეს სტატუსი?

– ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებმაც სურვილი გამოხატეს, თუმცა შემდეგი მათი ქმედებები ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად ფორმალიზება გააკეთეს. ეს გამოჩნდება უკვე ერთი თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც ფორმალიზების შედეგებს ჩვენი სოციალური მომსახურების სააგენტო და დასაქმების სააგენტო დაინახავს და ჩვენი მოქალაქეები წარადგენენ ამის დამადასტურებელ ცნობებს.

– ამ ეტაპზე არსებული 20 ათასი ვაკანსიიდან თუ არის ისეთი, სადაც გარკვეული კვალიფიკაცია საჭიროა? ასევე, აქვე გკითხავთ, როგორც ცნობილი იყო, დასაქმების მსურველების ნაწილს, სახელმწიფო გადამზადების რამდენიმეკვირიან პროგრამასაც სთავაზობდა. თუ მოგმართეს უკვე მოქალაქეებმა?

– საზოგადოებრივი სამუშაოების ამ ეტაპზე მოწოდებულ ვაკანსიებზე, წინაკვალიფიკაციის მოთხოვნა ნამდვილად არ არსებობს. სწორედ ეს არის სპეციფიკა, არაკვალიფიციური სამუშაო არის შეთავაზება, რათა ყველასთვის იყოს შესაძლებელი ამ სამუშაოს შესრულება. რაც შეეხება მომზადება-გადამზადების პროგრამას, ეს პროგრამა დასაქმების სააგენტოში არსებობს და მოკლევადიანი მომზადება -გადამზადების კურსები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ დასაქმების სააგენტოს გავლით. ამ მოქალაქეებისთვის, მათ შორის შეთავაზებულია ამ კურსებში მონაწილეობა. იმის და მიხედვით, რა კვალიფიკაციის მიღების სურვილი და შესაძლებლობა აქვს მოქალაქეს, ინდივიდუალურად ვაფასებთ, შემდეგ კი ვთავაზობთ კონკრეტული გადამზადების კურსს. კურსების გავლის შემდეგ დასაქმება, მათ შორის ღია ბაზარზე დასაქმების ალბათობა არის ძალიან დიდი.

თუ პირი დასაქმებით არის დაინტერესებული, მიმართავს სოციალური მომსახურების ან დასაქმების სააგენტოს ოფისებს, ის, არცერთ შემთხვევაში, არ დარჩება დაუსაქმებელი.

– როგორც ცნობილია, მოქალაქეს საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში, ხელფასის სახით 300 ლარი დაენიშნება. რამდენია ჯამში პროგრამის ბიუჯეტი?

– დიახ, ხელფასი 300 ლარია, არ იბეგრება. ბიუჯეტი ამ ეტაპზე, არის ღიად დატოვებული და თანხები იმ მოთხოვნის შესაბამისად გამოიყოფა, რა ინტერესიც მოქალაქეების მხრიდან წამოვა. პირველ ეტაპზე, საუბარი იყო 30 მილიონზე, თუმცა ეს არის პირველადი თანხა, რომელიც ამ ეტაპზეა ხელმისაწვდომი. ამას დაემატება იმდენი, რა მოთხოვნაც ჩვენი მოქალაქეებიდან წამოვა.

– გარდა იმ სამუშაოებისა, რაც ჩამოთვალეთ, კიდევ თუ არის სხვა ტიპის სამუშაოების დამატება დაგეგმილი?

– საუბარია სასოფლო-სამეურნეო ტიპის სამუშაოებზე, სეზონურ სამუშაოებზე, ასევე, საუბარია და გარკვეული მობილიზება უკვეა გაკეთებული, ე.წ. ამინდის მონიტორინგის მიმართულებით. არის ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით სამუშაოები და ვაგრძელებთ ვაკანსიების როგორც მრავალფეროვნების, ასევე რაოდენობის გაზრდას.

– პროგრამაში ისეთი სამუშაოების ჩართვასაც ხომ არ გეგმავთ, რომელთაც გარკვეული კვალიფიკაცია სჭირდება?

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებრივი სამუშაოებით არ შევიდეთ ღია ბაზართან კონკურენციაში. შესაბამისად, რა ვაკანსიებიც ღია ბაზარზე არსებობს, იმის ჩანაცვლებას საზოგადოებრივით ნამდვილად არ ვგეგმავთ. ბუნებრივია, იმის ალბათობა არის, რომ გარკვეული ტიპის კვალიფიკაციის საჭიროების ვაკანსიები წამოვა, იმიტომ, რომ ჩვენს სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მათ შორის კვალიფიკაციური მუშახელიც არის, რომელიც არის უმუშევარი და ბუნებრივია, მათი სამუშაო ძალაში ჩართვის ინტერესი იქნება.

– იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე საზოგადოებრივი სამუშაოს შემდეგ ღია ბაზარზე დასაქმდა, ის სოციალურად დაუცველთა პროგრამაში მაინც დარჩება?

– ეს შემთხვევაც პროგრამაში მუშაობის ტოლფასი იქნება. მიზანიც ესაა, რომ მოქალაქეები დასაქმდნენ ღია ბაზარზე, რადგან ბუნებრივია ღია ბაზარზე ხელფასები უფრო მეტია, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მაღალია, სტაბილურობაა. შესაბამისად, საზოგადოებრივი სამუშაოების რეალური ფუნქციაა ე.წ. ხიდი, სოციალურად დაუცველობას, უმუშევრობასა და ღია ბაზარზე დასაქმებას შორის. იმედი გვაქვს, რომ ეს ხიდი თავის ფუნქციას შეასრულებს და ჩვენი მოქალაქეები საზოგადოებრივ სამუშაოებზე შესაბამის უნარებს მიიღებენ, რომელიც მათთვის უკვე ღია ბაზარზე დასაქმების წინაპირობა იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share