უკვე მერამდენე დღეა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მოსახლეობა პანიკაშია.
როგორც ადგილობრივები “გურიის მოამბესთან” საუბარში აცხადებენ, რამდენიმე დღეა სოფელში უცნაური ნადირი დათარეშობს, რომელიც მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ყოველდღიურად იტაცებს, თუმცა, რამდენიმე გზის მიმართვისა, მშველელი არსაიდან არ ჩანს.
როგორც მელექედურლები აცხადებენ, თავდაპირველად პოლიციას მამართეს, თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ ეს მათ არ ეხებათ. ამის შემდეგ მთავრობას მიმართეს, მთავრობამაც განაცხადა, რომ ეს არც მათ ეხებათ და რომ მონადირეებს უნდა მიმართონ.
მოსახლეობამ მონადირეთა გაერთიანებასაც მიმართა, იქ კი მათ განუცხადეს, რომ მთავრობა ნადირის ლიკვიდაციისთვის ლიცენზიას არ იძლევა.
ადგილობრივებმა ნადირის ვიდეოზე დაფიქსირებაც შეძლეს, რომელსაც ჩვენ ქვემოთ გთავაზობთ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ამ მოკლე ვიდეოში უზარმაზარი ცხოველი არც დათვია, არც მგელია და მათ მსგავსი რამ ჯერ არ უნახავთ.
მელექედურლები შველას ჟურნალისტებისგან ითხოვენ და მოუწოდებენ მათ, დაუჭირონ მხარი, რომ მოახდინონ შესაბამისი უწყებების ინფორმირება – იქნებ ვიღაცამ მაინც გაითვალისწინოს ადგილობრივი სოფლის გასაჭირი და მიიღოს შესაბამისი ზომები.