სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მიხედვით, 2022 წელს, ახალი ან გაცივებული თევზის ექსპორტი განხორციელდა, თურქეთსა (108.7 ტონა ) და აზერბაიჯანში (12.1 ტონა).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს, თებერვალში ექსპორტზე ცოცხალი თევზიც გავიდა, რომლის მოცულობამ 9 ტონა (23.1 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა.
როგორც მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ტყემალაძე „ბიზნესპრესნისუთან“ საუბრისას აცხადებს, ექსპორტის ზრდა ხელოვნური ტბორების გამრავლებამ და ამასთან, დარგის ხელშეწყობამ გამოიწვია.
„ზოგადად, მსოფლიოში ზღვის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. გარდა ამისა, მოწესრიგდა ჩვენი ტბორები და სათევზაო მეურნეობები. ამ მხრივ, ნამდვილად მისასალმებელი ხელშეწყობაა მთავრობიდან, რამაც წარმოების ზრდა გამოიწვია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ეს ინვესტიციები არ არის მყისიერი, სჭირდება გარკვეული დრო, რომ საბოლოო შედეგები მივიღოთ. სათევზე მეურნეობების გაკეთება მარტივი არ არის, სჭირდება ტბორები, ინკუბაციის პერიოდი, ამის შემდეგ კიდევ შესაბამისი დრო, რომ პროდუქტი ზრდასრული იყოს და ჰქონდეს სასაქონლო ღირებულება. შესაბამისად, ტბორების რაოდენობის ზრდამ და დარგის ხელშეწყობამ თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ წარმოება და ექსპორტის მოცულობა კიდევ გაიზრდება“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.
თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ დარგს პრობლემები ისევ აქვს და როგორც მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, ჯერჯერობთ იმ რესურსის მხოლოდ 10%-ა ათვისებული, რაც ქვეყანას სინამდვილეში გააჩნია.
„თქვენ წარმოდგინეთ, ამ მიმართულებით, იმხელა რესურსი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ ამის მხოლოდ 10%-ს თუ ვიყენებთ. წყალსატევები, წყალსაცავები, სადაც ჰესები შენდება, ყველაგან შეიძლება სათევზე მეურნეობის განვითარება გეგმაზომიერად. ამიტომ, ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდება როგორც მთავრობის, ისე მოსახლეობის მხრიდან.
აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი, მდინარეებია დასაცავი. ჩვენ ნორვეგიაზე არანაკლები პოტენციალი გვაქვს. ზღვა, ტბები გვაქვს და ყველაგან შეგვიძლია მივიღოთ აღნიშული პროდუქტი. მეტი ყურადღება და ვფიქრობ, ეს დარგი კიდევ უფრო კარგ შედეგებს მოუტანს ქვეყანას“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.