ტრენინგი „გარემოს დაცვა და განახლებადი ენერგიები“ მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის

2022 წლის 13 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის (9,10,11,12 კლასები), ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამოცხადებული სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პირველი შეხვედრა  ჩატარდა. კურსი მიზნად ისახავს მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელებში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებში, ასევე, ცოდნის გაზიარებას განახლებადი ენერგიის კონცეფციის შესახებ და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას პროფესიულ ორიენტაციის საკითხების ირგვლივ.

გარემოს დაცვით საფუძვლებსა და განახლებად ენერგიის მოდულს წარუძღვება გიორგი ბერეჩიკიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი; პროფესიული ორიენტაციის შესახებ ისაუბრებს  ქეთევან ლობჟანიძე, ფსიქოლოგი, „ინსაით“ ჯგუფის დამფუძნებელი და HR მენეჯერი. პროფესიული ორიენტაცია განსაკუთრებით საჭიროა უფროსკლასელთათვის და მიზნად ისახავს აბიტურიენტების დახმარებას, რათა მათ შეძლონ მომავლის პროფესიის სწორად შერჩევა; კომუნიკაციების შესახებ  შეხვედრას ჩაატარებს ხათუნა იოსავა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 2015 წლიდან. კომუნიკაციის ლექციის ფარგლებში, ახალგაზრდები ბევრს გაიგებენ მედიაზე და მის როლსა და ფუნქციაზე საზოგადოებაში, ასევე, ისწავლიან როგორ განასხვავონ ნამდვილი და „ფეიკ“ ანუ გამოგონილი, გაყალბებული ამბავი ერთმანეთისგან.

სასწავლო კურსი არაფორმალური განათლების ნაწილია და  მოიცავს 6 ტრენინგს,  ხოლო სასწავლო წლის ბოლოს  ექსკურსიას მოქმედ ჰიდროელექტროსადგურზე, სადაც მოსწავლეები ნახავენ გენერაციის ობიექტს და გაეცნობიან მისი მუშაობის თავისებურებებს.

„როცა ვსაუბრობთ განვითარებულ სოფელზე, რომელიც წარმატებული ქვეყნის საწინდარი უნდა გახდეს, პირველ რიგში ვგულისხმობთ განათლებულ მომავალ თაობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი სოციალური პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებსაც, რომლიც მიმართულია ახალგაზრდა თაობაზე, ასევე ამ სექტორში დასაქმებულ პედაგოგებზე.  ვფიქრობ, საინტერესო ტრენინგ კურსი მოვუმზადეთ მთისპირელ ახალგაზრდებს და დიდი იმედი მაქვს, ისინი ბევრ სიახლეს შეიტყობენ, როგორც გარემოს დაცვაზე, ასევე განახლებად ენერგიაზე, ეს კი მისცემს მათ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას, რისგან უნდა დაიცვან გარემო და როგორ და რატომ არის საჭირო ელექტროენერგიის მოფრთხილება და რა მნიშვნელობა ენიჭება ეკო მეგობრული გენერაციის ობიექტების მშენებლობას, ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით“ – განაცხადა პროექტის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ტრენინგ კურსი უფროსკლასელთათვის სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება. მისი განახლება კი, 2022 წლის სექტემბრიდან არის დაგეგმილი. სექტემბრიდან ლექციები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლაშიც ჩატარდება.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგური მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი პროექტია, რომლის განმახორციელებელი კომპანიაა შპს სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share