ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი ომარ ხუციშვილი გურიის პარლამენტარებს, მოქმედ და ყოფილ მაჟორიტარებს _ არჩილ თალაკვაძეს, ვასილ ჩიგოგიძეს და ნინო წილოსანს ღია წერილით მიმართავს:
რისთვის გვჭირდება დეპუტატები თუ ისინი საკუთარი ამომრჩევლის მიმართვას, შეკითხვას, მოსაზრებას მნიშვნელოვან საკითხზე არ გაეცნობა და დროულად არ უპასუხებს. მხედველობაში მაქვს გურიის რეგიონიდან პარლამენტში არჩეული დეპუტატების _ არჩილ თალაკვაძის, ნინო წილოსანის, ვასილ ჩიგოგიძის სახელზე 2 მარტს გამოქვეყნებული მიმართვა, რომელიც ქვეყანაში საგაზაფხულო სამუშაოების მთავარ საქმედ გამოცხადებას და მოსახლეობისათვის დახმარების აუცილებლობას ეხებოდა (აღნიშნული მიმართვა “გურია თუდეიმაც” გამოქვეყნა _ რედ.). 23 მარტს შეხსენების მიზნით მეორედ გამოვაქვეყნე იგივე მიმართვა, მაგრამ პასუხი ამჯერადაც არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მიმართვა სამივე დეპუტატის პირად გვერდზე მოინიშნა. როცა არ პასუხობენ, გასაგებია. ესეც თავისთავად პასუხია, რაც პირველ რიგში საკითხის მიმართ უინტერესო და უარყოფით დამოკიდებულებას ნიშნავს. ასეთი დამოკიდებულება და უყურადღებობა ამ კონკრეტული საკითხის მიმართ საშიშია და მიუღებელი. თუ ომს და ბომბებს გადავურჩებით, მეორე უბედურებაა მოსალოდნელი. წლის ბოლოდან დაცარიელებული ბაზრებისა და მაღაზიების ფონზე თუ ზამთრის მარაგი არ გვექნა მთელი სიმწვავით დადგება შიმშილისაგან თავის გადარჩენის პრობლემა.
ამიტომ დეპუტატებს ამჯერად მესამედ მოგიწოდებთ: საწვავზე და სასუქზე კატასტროფულად გაზრდილი ფასების გამო მთავრობაში განიხილეთ მოსახლეობაზე მაქსიმალური დახმარების შესაძლებლობა, რომ თითეული მეტრი მიწიდან მივიღოთ მოსავალი.
მანამდე კი ერთმა ადამიანმა, რომელსაც დეპუტატებისაგან დადებითი პასუხის მოლოდინი ჰქონდა, ასეთი რამ თქვა: მაგენს რა ენაღვლებათ, 100 დოლარი რომ გახდეს ერთი ცალი პური, მაინც იყიდიან. ჩვენ რა გვეშველებაო…” _ წერს ომარ ხუციშვილი.
გურიის მაჟორიტარ ვასილ ჩიგოგიძის ლანჩხუთის ბიუროს უფროსი მაია ლომთაძე ყოფილ დეპუტატს მიმართვის ფორმას უწუნებს _ ეს სოცქსელში განსახილველი საკითხი არაა, ბიუროში ერთხელაც არ ყოფილხართ, არც წერილობით მოგიმართავთ როდესმე და ხალხი შეცდომაში რატომ შეგყავთო…