“კეჟერას გურიაში ივნისის თვეში თესავენ…ნაფერსცვალებევს გადარგავენ და მიწას კარგად შემოაყრიან…კეჟერა ფხლების მეფეა”-ზურა შევარდნაძე

კეჟერას გურიაში ივნისის თვეში თესავენ, ნაფერსცვალებევს გადარგავენ და მიწას კარგად შემოაყრიან, მალე გათამამდება და ხვიტებსაც დაიმსხვილებს. კეჟერა ფხლების მეფეა.
ოქტომბერში პირველი შიშხათიანი ამინდების მერე, მთას რომ ჩამოთოვს იწყებენ შეტეხვას.
ახალ წლამდე მოჭრიან შუას ზევით, მოწალავენ თავის ხვიტებიანად, დერგებში ან მომცრო სამწნილე ჭურში ჩაბესკნიან და დაამჟავებენ. ყინვა, თოვლი თვარ ჭამა ისე არ ვარგაო იტყოდენ.
გამარტებაზე ანწლის ჟვეროს გაიფენდა ბებია, მუხლებზე დადებოდა, მკლავებს აიკეცავდა, ჭურისთავს ფრთხილად მოხდიდა და ამოყრიდა გვერდებდაჭაჭყულ გობზე, დადგებოდა სურნელი, მარტო მაშინ იმ ჭურისთავზე, წყავების ქვეშ რომ იცოდა იმფერი.
დაჭრიდა, ტილოში გამოკონილ გამშრალ თხილისგულს, ნედლ ქინძს, ნიორს და პიმპილას მუხლზე დანაყავდა ფილში, დანაყვის დროს მუხლს ააყოლებდა, ასეთი იყო წესი, ყველას ბებია ასე ნაყავდა. სუნელს პეშვით გამოიღებდა ფილიდან და შეტუტყავდა ფოთლიან ხვიტიანად, საღანზე ამოარიგებდა.
წაგრილებულ კეცის ჭადთან, აგვისტოს დერგის ყველთან უკეთესი საჭმელი თუა რამე არ მგონია.
გამარტებაზე გადაჭრილი ძირები ახალ ფოთლებს და ყვავილებს გამოიღებს, გურულები იტყვიან ჭიჭვი იყარაო. შეაცლიდა ბებია ახალ ფოთლებს, მოწალავდა და მწვანედ შეასუნელებდა, იტყოდა ზოგჯერ: ჭიჭვი გაჭივრებისაა მარა გემბრიელი და მარგებელია დალოცვილიო, ერთ იჯრაზე მაინც უნდა ჭამოს კაცმაო და დალოცავდა გამჩენელს.
დაქცეულ, ხელშეშლილ ოჯახზე იტყვიან გურიაში: ისეა მომსპარი , დაგლახებული, დაფსებული მაი გამარტებაზე ჭიწვსაც ვერ იყრისო. გაბრაზებული გურული დაიმუქრება ისე მოვსპობ ჭიჭვიც ვერ იყაროსო.
დაკარგულია, რახანია აღარ გამიგონია ვინმეს ეთქვს.
ჭიჭვი ფხალი კი წელსაც მოვწალე. სანამ ვარ კეჟერა სულ იქნება ჩემს ბახჩაში. ღმერთო ისე მოსპე ჩვენი მტერი ჭიჭვიც ვერ იყაროს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share