მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ისევ მაღალია. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 16.3%-ით გაიზარდა. თუმცა ყურადსაღებია, რომ აღნიშნული ზრდა დიდწილად ე.წ დაბალ საბაზო ეფექტს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 8.3%-ით იყო შემცირებული. თუ 2022 წლის მაჩვენებელს 2020 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, დავინახავთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 6.9%-ია. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უშუალოდ 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში შეზღუდვები და რეგულაციები ჯერ არ არსებობდა.
რაც შეეხება სამეზობლოს სხვა ქვეყნებს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სომხეთის ეკონომიკა საშუალოდ 12%-ით გაიზარდა. თუმცა აქაც მნიშვნელოვანია დაბალი საბაზო ეფექტის გათვალისწინება გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით სომხეთის ეკონომიკური ზრდა შედარებით ნაკლებია და ის დაახლოებით 4.4%-ით მეტია.
იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანის ეკონომიკა საშუალოდ 6.7%-ით გაიზარდა. 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით კი ზრდა დაახლოებით 3.4%-ია.
საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ზრდის ტემპი მიმდინარე წელს სამეზობლოს ქვეყნებს შორის განსხვავებულია, სადაც კარგად ჩანს, რომ შედარებით დაბალი ზრდის ტემპი მიმდინარე წელს აზერბაიჯანს აქვს.