პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშის, ევროკავშირის კითხვარის და ქართული პოლიტიკის ჩიხური მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
”ეს ანგარიშები ასახავს იმ მდგომარეობას, რაც გვაქვს ქვეყანაში და არის ხაზგასმა საქართველოს ხელისუფლების ცუდ მუშაობაზე. სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკურ კლასს ზედაპირული წარმოდგენა აქვს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს ჩვენს ნაბიჯებს. მაგალითად, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე მოხდა სერიოზული მიუღებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რასაც შემდეგ მოჰყვა „ქართული ოცნების“ გამოსვლა შეთანხმებიდან, ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ჩათვალა, რომ პროცესი დასრულდა და მას არ ექნებოდა ნეგატიური შედეგი. ამას დავამატოთ ელჩების მიმართ საკმოდ მკაცრი და მძაფრი გამონათქვამები, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან, ეს ეხებოდა ამერიკის ელჩს, ასევე ევროკავშირის და გერმანიის ელჩებს. ამ ადამიანებისგან თავის ქვეყნებში იგზავნება ანგარიშები, რის მიხედვითაც ხდება წარმოდგენების და დამოკიდებულების ჩამოყალიბება საქართველოს მიმართ. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ქვეყნის მიმართ საკმაოდ თბილი და „ქართული ოცნების“ მიმართ შემწყნარებულური დამოკიდებულება შეიცვალა მკაცრი ტონით. შედეგი გახლავთ ის დასკვნები, რაც მოვიდა. ამ დასკვნებს, რა თქმა უნდა, აქვს საფუძველი, მაგრამ ჩვენ გვახსოვს რომ წლების განმავლობაში, პარტნიორები ცდილობდნენ თვალი დაეხუჭათ დარღვევებზე და ძალიან მკაცრად არ მოგვქცეოდნენ, ეს განსაკუთრებით ეხებოდა არჩევნებს. ახლა ასე აღარ იქნება. როგორც ევროკავშირი, ასევე შეერთებული შტატები იქნება მაქსიმალურად მკაცრი რეფორმების გატარების შეფასების კუთხით და ასევე საარჩევნო პროცესის მიმართ.
ჩემი აზრით, ამ ორი დოკუმენტის თანხვედრა და გარკვეული გამონათქვამები სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტების, მათ შორის პოლონეთის, ბალტიისპირეთის, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრის, მიგვანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ დრო გადის და მომავალ არჩევნებზე მათ აუცილებლად შეექმნებათ პრობლემები. დასავლეთისთვის პირდაპირ და ღიად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ერთპიროვნული მმართველობის დამყარების მცდელობა. თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ რაიმეს შეცვლა, არ გამოვრიცხავ, მოხდეს გარკვეული სანქცირება, მაგალითად, შეწყდეს ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება, რაც ჩვენთვის ძალიან ცუდი პრეცენდენტი იქნება.
დასავლეთის ტონის გამკაცრებას უკრაინაში მიმდინარე პროცესებიც განსაზღვრავს. ჩემი აზრით, ეს არის კომპლექსური საკითხი. ის, რაც უკრაინაში ხდება არის სარკე ევროპაში მიმდინარე პროცესების და ჩვენ მიმართ დამოკიდებულების შეცვლის. ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობაზე დიდი წარმოდგენა არასდროს ჰქონიათ, მაგრამ მას იტანდნენ იმის გამო, რომ საქართველოში ასე თუ ისე ხდებოდა სტაბილური სიტუაციის შენარჩუნება. მაშინ როდესაც მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ასეთი მწვავე კრიზისია, ჩვენი ორჭოფული დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ, ცხადია მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისთვის. მათი დამოკიდებულება აბსოლუტურად ცალსახაა, ჩვენ კი ვცდილობთ ორ ტოტზე ჯდომას, რაც თავისთავად იწვევს გაღიზიანებას ამ ქვეყნების ლიდერებში. გასაგებია, რომ საქართველოს მდგომარეობა არ არის იმ ქვეყნების მდგომარეობის ტოლფასი, რაც აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთს, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებიც ნატოს წევრები არიან. მათ შეუძლიათ იყვნენ მშვიდად, იმიტომ რომ მათ იცავთ ნატო, საქართველო კი რუსეთის აგრესიის პირისპირ შეიძლება აღმოჩნდეს, ჩვენი მდგომარეობა ბევრად უფრო მყიფე და სუსტია, რის გამოც, ეს ორჭოფული მდგომარეობა შესაძლოა გასაგებიც კი იყოს. ფაქტია, რომ ჩვენ მიმართ მსოფლიოში მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება, თუმცა ამაში დასავლეთსაც მიუძღვის ბრალი. 2008 წლიდან დაწყებული ჩვენ არ მიგვიღეს ნატოში, შეპირების მიუხედავად, არ გაგვაძლიერეს ისეთი შეიარაღებით, რომელიც საქართველოს სიმშვიდის საშუალებას მისცემდა. კარგი იქნებოდა, მადრიდის სამიტზე ჩვენთვის მაპის მოცემა, მაგრამ სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს.” – აცხადებს გამყრელიძე.