ლანჩხუთის სოფელ აკეთში მორიგი ტრაგედია დატრიალდა _ ბოლო ერთ თვეში მესამემ დაასრულდა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ბოლო შემთხვევას კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ის ფაქტი, რომ გოჩა ქანთარია აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა და ბოლო წლებში თავს თურქეთში ჩაის კრეფით ირჩენდა! ამის შესახებ გურია თუდეისთან ყვება და ასევე 29 წლის წინანდელ ისტორიას იხსენებს მისი თანამებრძოლი არჩილ ხოფერია,რომლის ძმა _ ჯამბულათი აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა.
არჩილ ხოფერია, აფხაზეთის ომის მონაწილე:
15 აპრილი იყო, ოჩამჩირის საფეხბურთო სტადიონზე ორი ვერტმფრენი იჯდა, ორივე მეომრებით სავსე და ორივე უკან ზურგში მოფრინავდა, ვინ შვებულებაში, ვინ სად.
ზევით, მთებში, ტყვარჩელთან კი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდიოდა…
ჩემი ძმა მძიმედ იყო დაჭრილი… უკვე მესამე საათი მიდიოდა ბრძოლის… მათთან შეერთებისა და ევაკუაციისთვის ვერტმფრენი იყო საჭირო… პილოტებმა ჩამოგდების შიშით უარი განაცხადეს გაფრენაზე, თუმცა მერე ერთი დათანხმდა…
ოთხნი ვართ. ვერტმფრენი დაიცალა, უნდა გავფრინდეთ. გარშემო შემოჯარულ მეომრებს მივმართავ, ვინაა მოხალისე, ჩვენთან ერთად გამოფრინდეს?
ამდენი კაციდან ხელი არავის აუწევია, ყველამ თავი ჩაღუნა, იქ გაფრენა სიკვდილის ტოლფასი იყო…
მხოლოდ ერთი ბიჭი ადგა მეორე ვერტმფრენის კიბიდან, ერთი მხოლოდ ამდენი კაციდან, მე წამოვალო და ეს კაფანდარა ბიჭი, როგორც მერე გაირკვა, გოჩა ქანთარია იყო ჩემი რაიონიდან, რომელიც შვებულებით სახლში მიფრინავდა…
გოჩა ქანთარია იყო იმ ხუთ კაცში, ტამიშთან მძიმე ბრძოლის შემდეგ, იქვე მაიმუნსაშენთან მოწყობილი რაზმის წინაშე მწყობრის წინ, სამშობლოს სახელით მადლობა რომ გადავუხადე განსაკუთრებული მამაცობისათვის.
ხანდახან ვიცი ხოლმე, როცა ქართველების ვაჟკაცობაზე ვწერ, ყოველთვის ჩაის საკრეფად კი არ დავდიოდით-მეთქი თურქეთში… არადა, ვიცოდი, გოჩა ჩაის საკრფად დადიოდა… ვიცოდი, არ ეწყინებოდა ჩემგან, უბრალოდ, სხვა გზა არ დაუტოვეს ჩვენ ქვეყანაში…
არასდროს მოუწერია აქ არაფერი, არასდროს. მხოლოდ ორი დღის წინ მომწერა:
_ მშვიდობა თქვენ, ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, შენთან ერთად რომ მებრძოლა, თუ მიდიოდი (უკრაინაში _ რედ.), გეთქვა, მეც წამოვიდოდი.
_ იცოცხლე, ძმაო, მოვა ეგ დრო კიდე!
_ შენთან ერთად კიდე ვიომებ, ცოტა დავბერდი, მარა შემართება მაქ.
_ შენ სულ გექნება ეგ, ვიცი მე!
ეს იყო სულ… ამ დილას ზარმა გამაღვიძა, ჩვენი თანამებრძოლი და მისი სოფლელი მირეკავდა…
ამ დილას თავი ჩამოიხრჩო…
ერთ-ერთმა საუკეთესო მეომარმა, ვინც კი მინახავს, თავი ჩამოიხრჩო…
ეს საქართველოა…
და მაინც გული გაიმაგრეთ…
შენ კი, ჩემო ძმაო გოჩა, არ ვიცი, რას იტყვი იმ დიდ სამსჯავროზე, მაგრამ ვიცი, ყველაფერს რომ აწონ-დაწონიან, მაინც იმ კაცთან იქნები, ვის გადასარჩენადაც სახლში გასაფრენი ვერტმფრენიდან ჩამოხვედი და სასიკვდილოდ გამოგვყევი…” – იხსენებს ხოფერია.
გურია თუდეი