”პუტინის რუსეთი უკვე მთელი მსოფლიოსთვის საშიში ხდება..მარტო შეშფოთება საქმეს ვერ შველის”

“ტირანს, რომელიც ირგვლივ ყველას და ყველაფერს ებრძვის, მთელი მსოფლიო უნდა დაუპირისპირდეს“

“ჩვენმა ხალხმა ჭუბერის გოლგოთა­ გამოიარა, საკუთარ ქვეყანაში გავხდით დევნილები, ამიტომ გულის სიღრმემდე განვიცდით იმ საშინელებას, რომელიც უკრაინელებს დაატყდა თავს” – ამბობს მსახიობი ჯანო იზორია “კვირის პალიტრასთან” :

“ომი უბედურებაა და ეს უბედურება­ ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გამოცადა. ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინაა, ჩვენთვის კარგად ნაცნობია, ამიტომ მათ ტრაგედიას ორმაგად განვიცდით. თითქოს გაცოცხლდა 2008 წლის აგვისტოს ომის ჭრილობები, თუმცა მანამდე იყო სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომები, სადაც დიდი ტრაგედია დატრიალდა. როცა ეს ყველაფერი გახსოვს, არ შეიძლება ჭეშმარიტების და სიმართლის მხარეს არ დადგე. მთელმა საქართველომ გულთან ახლოს მიიტანა უკრაინელების განსაცდელი და როგორც შეგვიძლია, ისე გამოვხატავთ ჩვენს თანადგომას.

როცა რუსეთი ჩვენ დაგვიპირისპირდა, დასავლეთი ნაკლებ ყურადღებას იჩენდა. მათი დახმარება მხოლოდ აღშფოთებით და შეშფოთებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ მარტო შეშფოთება საქმეს ვერ შველის. ტირანს, რომელიც ირგვლივ ყველას და ყველაფერს ებრძვის, მთელი მსოფლიო უნდა დაუპირისპირდეს. პუტინის რუსეთი უკვე მთელი მსოფლიოსთვის საშიში ხდება, ამიტომ, იმედია, საკადრის პასუხს გასცემენ და ეს ომიც დასრულდება.

30 წლის წინ აფხაზეთში რაც მოხდა, გენოციდი იყო, აბა, რა იყო?! ადამიანების ტყვედ აყვანა, წამება იქაც ისე ხდებოდა, როგორც ახლა უკრაინაში ხდება. თითოეულ ადამიანს, რომელიც აფხაზეთიდან გამოდევნეს, თავისი შემზარავი ისტორია აქვს. ვისაც აწ გარდაცვლილი ნაირა კალანდიას და სხვა დევნილების ტრაგიკული ისტორიები მოუსმენია, იცის, რომ გენოციდი ჩვენთან 30 წლის წინ მოხდა. ქართველებს ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი, ბავშვები და ქალები აქაც იღუპებოდნენ, უბრალოდ, მაშინ ინტერნეტი არ იყო და ტამიშის ბრძოლის დროს მეომარი ვიდეოს ვერ გადაიღებდა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ასპარეზზე ყველამ კარგად იცოდა, აქ რაც ხდებოდა. იმედია, ცივილიზებული სამყარო ჩვენს მსხვერპლს დაინახავს და ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი გავხდებით.” – აცხადებს იზორია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share