”მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგაა და ის უნდა დამარცხდეს” – ასე აფასებს რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი უკრაინაში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომს და ამის შესახებ “კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
”რუსეთი მუდამ მიისწრაფვის ბატონობისა და უფრო მეტიც, მისთვის საინტერესო ტერიტორიების დაკავებისკენ. 300-400 წელია, ამ მისწრაფებას ავლენენ და დღესაც იგივე გრძელდება. მათ ვერაფრით ისწავლეს და ვერ გაიგეს, რომ დღევანდელი მსოფლიოსგან განსხვავდებიან… ახლა მხოლოდ არანორმალურად მოაზროვნე ადამიანს შეეძლო, ეს ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ეს არა მხოლოდ ერთი კაცის გადაწყვეტილებაა, არამედ მის გვერდით მყოფი ძალის, რომელიც ამას ემხრობა. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპასთან მყოფი ახლო სახელმწიფო, 40 მილიონზე მეტი ხალხი დაიპყროს და, როგორც ამას წინათ სტოლტენბერგმა განაცხადა, აქციოს გროზნოს, ჩეჩნეთის რესპუბლიკასავით. ეს უკვე სიგიჟეა. ვფიქრობ,მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგაა და ის უნდა დამარცხდეს. ომის დაწყებიდან 1 თვის თავზე გაცხადდა, რომ როგორც ჩანს, რუსეთი თავის მიზნებს ვერ აღწევს. როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენკენ მოისწრაფვიან – ამ შემთხვევაში, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იგულისხმებიან, – კიდევ უფრო დავუახლოვდებით და უფრო მეტად დაცული იქნებიან როგორც ევროკავშირისგან, ისე ნატოს მხრიდანო.
როგორ დავიჯერო, რომ რუსეთის მოსახლეობას არავითარი ინფორმაცია არა აქვს და ვერ ხედავენ, რა საშინელება შეიძლება დაემართოთ?!. ცოტა ხანში, ისევე, როგორც ეს ხრუშჩოვისა და მანამდე გერმანიასთან ომის დროს მოხდა, რუსეთი მატერიალურად და ეკონომიკურად საშინელ მდგომარეობაში ჩავარდება.” – აცხადებს კოკოჩაშვილი.