აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგჭკორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეიბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოს კადრებიდან ექიმის თვალისთვის შესამჩნევია, რომ მას ნამდვილად აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ხელი არ მიმიწვდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ზუსტ მონაცემებზე, მაგრამ კადრებიდან რაც ჩანს, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს.
არ შეიძლება სახელმწიფო ასე ცინიკურად ექცეოდეს ადამიანებს. არა აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი პრეზიდენტია, მემანქანე, დამნაშავე თუ წმინდანი.
ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას მოქალაქე, მიუხედავად მისი პოლიტიკურ-რელიგიურ-სოციალურ-ღირებულებით-ეთნიკური თუ კიდევ სხვა უამრავი ტიპის კუთვნილებისა. თქვენ, ვინც გადასახადებით უზრუნველყოფთ ამის ჩამდენ ჩინოვნიკების გასამრჯელოს, თქვენდაუნებურად ხდებით პროცესის თანამონაწილე. ზოგადად ყველაფერი რასაც სახელმწიფოს სახელით მთავრობა სჩადის, არის ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა ვინც მას ირჩევს, ინახავს და მმართველობას უხანგძლივებს. იგივე ეხება უკრაინასთან მიმართებაში ჩვენი ქვეყნის ორაზროვან დამოკიდებულებას.
როცა შეიძლება სახელმწიფო ასე მოექცეს ადამიანს, ვისაც უწყვეტ რეჟიმში აკვირდება საერთაშორისო ინსტიტუტები, წარმოიდგინეთ, როგორ დაგჩაგრავენ მათ ვისაც არავინ გიპატრონებთ გისოსებს მიღმა რომ აღმოჩნდეთ.
თქვენი კეთილდღეობისთვისაა აუცილებელი, რომ ადამიანის ჯანმრთობის უფლების მიმართ ასეთი ცინიკური დამოკიდებულება არ დაუშვათ.
P.S. ვიცი რომ უამრავი სხვა პატიმარია მიუხედავი და სწორედ ამიტომ ვწუხვარ ყოფილ პრეზიდენტზე, ამ შემთხვევაში როგორც უსამართლობის კრებით სახეზე. არც იმ 9 წლის შეხსენებაა საჭირო. წარსულში ჩადენილი ვერანაირი დანაშაული ვერ გაამართლებს მიმდინარე ან სამომავლოდ დაგეგმილ დანაშაულს”, – წერს ნანა გეგეჭკორი.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა.