ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი 25 აპრილს გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარია ასახული. ევროპარლამენტარი წერს, რომ ის სერიოზულ კითხვებს აჩენს სანქციების შესაძლო არიდებაზე.
“თუ ეს ნამდვილია და პოლიტიკურ, ბიზნესლიდერებს იმ ქვეყნიდან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან, ურთიერთობა აქვთ ევროკავშირის მიერ სანქციების სიაში მყოფ პირთან, სერიოზულ კითხვებს აჩენს სანქციებისგან შესაძლო თავის არიდებისა და ასევე მათი ქვეყნების ევროპული მომავლისა და მათი ერთგულების მიმართ”,- დაწერა მირიამ ლექსმანმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის ორი ჩანაწერი 25 აპრილს გავრცელდა. ჩანაწერში სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ივანიშვილს ბიზნეს იდეით ურეკავს. ივანიშვილის პასუხებიდან კი იკვეთება, რომ თავადაც დაინტერესებულია ამ გარიგებით. ევტუშენკოვი კომპანია “სისტემას” მფლობელია, რომელიც სამხედრო დრონებს ამზადებს.
26 აპრილს ევტუშენკოვმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში დაადასტურა, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ოლიგარქი ამბობს, რომ საქართველოში ნებისმიერს შეუძლია ისე ჩამოვიდეს, რომ არავის ანგარიში არ ჩააბაროს. ევტუშენკოვმა დაადასტურა ისიც, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.