სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა და 40 ათასით შემცირდა.
2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.
ცნობილია, რომ მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). 2021 წელს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ორივე ფაქტორმა განაპირობა. გასულ წელს დაფიქსირდა უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966) და უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960).