საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ „TV პირველის“ ეთერში შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, არ იცის, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ალასანიამ დასძინა, რომ სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი. მისი თქმით, „ის არის საერთოდ გამქრალი, ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი“.
„სამწუხაროდ, არაფერი არ ვიცი. შაბათ-კვირას არავის არ უშვებენ. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მეჩვენება, რომ ძალიან ბევრს ვისვენებთ. რაც ჩემი შვილის პატიმრობა დაიწყო, გაუთავებლად არის დასვენებები. სულ მესმის „ნებისმიერი პატიმარი“, „ნებისმიერი პატიმარი“, რამდენიც არ უნდა იმეორონ, მიხეილ სააკაშვილი არ არის „ნებისმიერი პატიმარი“. საერთოდ, არც ერთი სახელმწიფოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ნებისმიერი პატიმარი, მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილი, რომლის დროსაც საქართველო იყო წარმატებული ქვეყანა.
გავმიჯნოთ პოლიტიკური საკითხი ჰუმანიტარულისგან. რამდენიმე დღეა გადაიყვანეს „ვივამედში“, ორჯერ მომეცა საშუალება, რომ მენახა. მართალი გითხრათ, პირველ დღეს ვიყავი კმაყოფილი, კლინიკაც მომეწონა. მისი ნახვით ძალიან ცუდ გუნებაზე დავდექი, ციხეზე რომ ვნახულობდი, სხვა შთაბეჭდილებით გამოვდიოდი, იმიტომ, რომ იქ ერთმანეთს ფანჯარა გვაშორებდა, ტელეფონით ვლაპარაკობდით, განათებაც სხვანაირი იყო. ადამიანი არის საერთოდ გამქრალი, ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი, ვერ ჭამს. არ ვიცი, რამდენ ხანს გაუძლებს ამ მდგომარეობას“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ალასანიას წამყვანმა, ასევე, ჰკითხა, იცოდა თუ არა რაიმე ნიკოლოზის განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც პატრიარქი ილია II შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს სააკაშვილი კერძო კლინიკაში.
„არ ვიცი, სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ ნიკოლოზის, შედის და ნახულობს მიშას დრო და დრო“, – აღნიშნა ალასანიამ.