შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა.
უწყების ცნობით, დადგინდა, რომ 15 წლის ბიჭს, რომელიც საქონლის სასაკლაოზე მუშაობდა, ამავე ობიექტის დირექტორის მოადგილე დაკისრებული მოვალეობების შესრულების გარდა, მის კუთვნილ ფერმაში მუშაობას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა.
ინსპექციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, ბიჭს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სამსახურიდან ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლეს.
“არაგეგმიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.).
არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ მუშაობის დაწყებიდან მალევე კომპანიის უფლებამოსილი პირი (დირექტორის მოადგილე/საქმისმწარმოებელი) მას სისტემატიურად სთხოვდა, სასაკლაოს მომიჯნავედ არსებული, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას, რაც გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის მოვლას. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა.
მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან.
ყოველივე ამის საფუძველზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა იძულებითი შრომის ფაქტი. ამას გარდა, ასევე დარღვეულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც ( 01-126/ნ), რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება. მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
შრომის ინსპექციის სამსახურმა ორგანიზაციას არასრულწლოვნის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისათვის ჯარიმა დააკისრა 10 000 ლარის ოდენობით.