“ალბათ, მაიმუნის ყვავილის შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია დიდი ეპიდემიის სახე მიიღოს”.- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში და აღნიშნავს, რომ ვირუსი COVID 19-ის მსგავსად გადამდები არ არის.
მისის თქმით ვირუსი ახალი არ არის და ის გასული საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს. იმნაძე ამბობს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც არსებობს, რომელიც “საკმაოდ ეფექტიანიცაა”.
“თუ საჭირო გახდება ეს ვაქცინა არსებობს, მსოფლიოს მისი წარმოების პოტენციალი გააჩნია, ასე რომ დიდ გართულებებს არ ველი, თუმცა, რა თქმა უნდა, ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია”.- ამბობს იმნაძე.
ეპიდემიოლოგი განმარტავს, რომ მაიმუნის ყვავილის ორი სახეობა არსებობს – ცენტრალურ-აფრიკული და დასავლეთ-აფრიკული. ევროპის ქვეყნებში მეორე ვარიანტია გავრცელებული, რომელიც შედარებით მსუბუქია.
“ჯერჯერობით, 100-მდე შემთხვევიდან, რაც ევროპასა და ამერიკაში არის დადასტურებული, არც ერთი არ ყოფილა მძიმე მიმდინარეობის, არც ერთი გარდაცვალება არ ყოფილა. უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას. მთელი მსოფლიო, ჩემი კოლეგები დაკვირვების რეჟიმში ვართ”.- ამბობს იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.