“საშინელებაა, ალბათ, ამის თქმა, მაგრამ ბედნიერება ყოფილა, ზოგადად, საფლავის ქონა, იმიტომ, რომ ჩვენ ეს გვქონდა ოცნებად, გვინდოდა, რომ დედის საფლავი გვქონოდა, სადაც მივიტანდით ყვავილებს. მაგრამ ეს მერე იყო, წლების მერე. იქამდე კი ვოცნებობდით, რომ დაბრუნდებოდა”
წლები გავიდა, სანამ ყველა დაღუპულის ცხედარი ჯერ ამოიცნეს და შემდეგ ოჯახს გადასცეს, იქამდე კი საერთო სასაფლაოზე მათ ცხედრებს მხოლოდ ნომრები ჰქონდა მინიჭებული.
ამ წლების განმავლობაში დაღუპულთა დიდი ნაწილი ახლობლებისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდა, მათ ეძებდნენ და ყოველდღე ელოდნენ, როდის დაბრუნდებოდნენ შინ.
სწორედ ამ უსასრულო მოლოდინსა და მუდმივ გაურკვევლობაზე ტაბულას ნაირა ლეზგიანი ესაუბრა, სტრასბურგში მცხოვრები 35 წლის ქალი, რომელმაც ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დედა დაკარგა.
მარინა ტაბატაძეს, რომელიც მედდა იყო და დაჭრილ ჯარისკაცებს უვლიდა, სოხუმში უმცროსი, ორი წლის შვილი ელოდა. სწორედ მის თბილისში დასაბრუნებლად მოხვდა იმ რეისზე.
“ომი როცა დაიწყო, 5 წლის ვიყავი” – გვიყვება ნაირა ლეზგიანი – “მაგრამ მახსოვს, რომ როდესაც თვითმფრინავების ხმა გვესმოდა, ხან მაგიდის ქვეშ ვიმალებოდით, ხან საწოლის, ხანაც მეზობლის სარდაფში. სამხედრო თვითმფრინავები განსაკუთრებულად ხმაურიანია, არასდროს დამავიწყდება, ალბათ, ის ხმა”.
ნაირა ლეზგიანი ჰყვება, რომ თავდაპირველად სოხუმში ყველას ეგონა, რომ სიტუაცია დაწყნარდებოდა და ომი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, მაგრამ როდესაც კონფლიქტი გამწვავდა, ბებიის დაჟინებული მოთხოვნით, მათ სოხუმი დატოვეს.
“წამოვედით მე, ჩემი სამი და, დედა და ბებია. მამა იქ დარჩა. შეიძლება, ითქვას, რომ სხვა დევნილებისგან განსხვავებით, გაგვიმართლა, იმიტომ, რომ ჩვენ არ წამოვსულვართ სვანეთის გზით”.
ოჯახი თბილისში პატარა სამხედრო თვითმფრინავით გადმოფრინდა, რომლითაც, ძირითადად, დაჭრილი სამხედროები გადმოჰყავდათ. მათ “კუკურუზნიკებს” ეძახდნენ. თვითმფრინავის კართან დიდი რიგი იდგა, ქაოსი იყო და არავინ დაეძებდა იმას, რომ მარინა ტაბატაძეს ბილეთები ჰქონდა ნაყიდი, რომელსაც მაღლა აფრიალებდა.
“მახსოვს, ერთი მოხუცი კაცი ეჩხუბა დედას, ქალბატონო, პატარა ბავშვები გყავთ, რა დროს ბილეთებიაო და ასე ვთქვათ, ძალით შეგვყარა თვითმფრინავში” – ამბობს ნაირა ლეზგიანი – “რა თქმა უნდა, მაშინ ვერ აღვიქვამდი ამ ყველაფერს, არც მეშინოდა. ახლა რომ მახსენდება, სხვანაირად განვიცდი”.
ვიწრო თვითმფრინავში გაცილებით მეტი ადამიანი ავიდა, ვიდრე იქ ადგილები იყო განკუთვნილი. ნაირა ლეზგიანი იხსენებს, რომ მათ სავარძლებთან ახლოს იყო რაღაც, რომელსაც დიდი თეთრი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული, ზემოდან კი წითელი ბურთი ედო. მშობლები წითელი “ბურთის” დანახვისას შეცბნენ, რამაც ბავშვების ცნობისმოყვარეობა გააასმაგა.
მხოლოდ წლების შემდეგ მიხვდნენ, რომ იქ მოკლული ჯარისკაცი იწვა, ზემოდან კი წითელ ნაჭერში გახვეული მოჭრილი თავი იდო.
ჯარისკაცებისთვის, და არამხოლოდ, მოჭრილი თავები აფხაზეთის ომში ოკუპანტების მთავარ ხელწერად იქცა.
“არ მახედებდნენ იქითკენ” – იხსენებს ნაირა ლეზგიანი – “დედა მეხვეწებოდა, რომ გამეხედა ფანჯრიდან. ნახე, იქ მამაშენიაო. რა თქმა უნდა, მამას იქიდან ვერ დავინახავდი, მაგრამ ეს ფანჯარა და ჩამავალი მზის სხივით გავარდისფერებული ღრუბლები განსაკუთრებულად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. როცა დაძაბული ვარ ან რთულ სიტუაციას უნდა გავუმკლავდე, სულ დედას ხმა მახსენდება – გაიხედე ფანჯრიდან და ვხედავ ვარდისფერ ღრუბლებს.
იმ ფანჯრებიდან ვეძებდი მამას.
ასე გადმოვედით ჩვენ”.
მერე დაიწყო ე.წ ცრუ მშვიდობის პერიოდი, როდესაც ომი მცირე ხნით შეწყდა. ითქვა, რომ საომარ მოქმედებებს ორივე მხარე აჩერებდა. თუმცა, რუსეთს არც ამჯერად უღალატია საკუთარი სტილისთვის და 16 სექტემბერს შეტევა განაახლა.
იქამდე კი მარინა ტაბატაძემ სოხუმში დაბრუნება გადაწყვიტა. ფიქრობდა, რომ მათი სახლი სოხუმში დამტვერილი იქნებოდა ამდენი აფეთქებებისგან და სანამ შვილებს თან წაიყვანდა, ჯერ მარტო წავიდა სახლის დასალაგებლად. თან მხოლოდ ნაბოლარა, 2 წლის შვილი წაიყვანა, რომელიც დედის გარეშე ვერ ძლებდა.
ტექნიკური და ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ მარინა ტაბატაძემ 2 წლის შვილი მამასთან დატოვა, თავად კი შვილებისა და დედის წამოსაყვანად თბილისში დაბრუნდა.
ამ დროს ომი განახლდა. ქმარი და 2 წლის შვილი სოხუმში გაიჭედნენ.
“დედა ყოველდღიურად მიდიოდა აეროპორტში, რომ იქნებ ვინმესგან ბილეთი აეღო, როგორღაც გაფრენილიყო და ბავშვი წამოეყვანა. მაგრამ იმ პერიოდში ვინ უყურებდა ბილეთებს, ძალიან გართულებული იყო ყველაფერი”.
ერთ დღესაც მარინა ტაბატაძე სახლში აღარ დაბრუნდა. ოჯახი მიხვდა, რომ სავარაუდოდ, მან გაფრენა მოახერხა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბორტზე ასვლა ექთნის სტატუსით მოახერხა.
ეს 22 სექტემბერს მოხდა.
თბილისის აეროპორტიდან აფრენილ თვითმფრინავს რუსებისგან ზურგგამაგრებულმა სეპარატისტებმა რაკეტიდან ესროლეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტები. ერთ-ერთმა რაკეტამ თვითმფრინავს ძრავა დაუზიანა.
ავიალაინერი ტუპოლევ Ту-154Б სოხუმის აეროპორტში ავარიულად დაეშვა და მიწასთან შეხებისთანავე აფეთქდა.
ოჯახმა მხოლოდ 2015 წელს გაიგო, რომ მარინა ტაბატაძე იმ თვითმფრინავში იჯდა, როდესაც წითელი ჯვრის ეგიდით ცხედრების იდენტიფიცირება და გადმოსვენება მოხერხდა.
“გავიგეთ, რომ დედა იყო იქ, იმ თვითმფრინავში და რომ საერთო სამარხში, სადაც იდენტობის ვერდადგენის გამო ცხედრები ნომრებით იყო მონიშნული, ის იყო N74”.
გასვენებაში ნაირა ლეზგიანთან და მის დებთან უცნობი ქალი მივიდა და დედის ნაცვლად, მათ გადაუხადა მადლობა. აღმოჩნდა, რომ წლების წინ მარინა ტაბატაძემ ის გადაარჩინა.
“გვითხრა, სიცოცხლე მაჩუქა და მას ვერ გადავუხადე და მის შვილებს მაინც გადაგიხდით მადლობასო. მანვე გვითხრა, რომ დედას თურმე, აფხაზი ჯარისკაციც გადაურჩენია და ის უვლიდა, როგორც ქართველ ჯარისკაცებს.
ჩემს დას ახსოვს, რომ ერთხელ, ჯერ კიდევ სოხუმში ყოფნისას დედა შინ სულ სისხლიანი ტანსაცმლით დაბრუნდა, რომელიც კარშივე გაიხადა, მერე იატაკზე დავარდა და დიდხანს იტირაო. მამა აწყნარებდა, თურმე. დედა ქვითინებდა და ამბობდა, რომ არ იცოდა, ამდენ მსხვერპლს რამდენ ხანს გაუძლებდა”.
ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულ მარინა ტაბატაძესა და მის ქმარს ნაირა ლეზგიანის ბებია წლების განმავლობაში ეძებდა. სწორედ ამიტომ, ლეზგიანების ფოტოალბომში დედის ფოტოები პრაქტიკულად არ იძებნება. ბებია წლიდან წლამდე დადიოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, არიგებდა შვილის ფოტოებს და ითხოვდა, თუ სადმე დაინახავდნენ, მისთვის შეეტყობინებინათ.
ბებიას, რომელმაც 4 შვილიშვილი საკუთარი შვილებივით მარტომ უცხო ქალაქში გაზარდა, ახლა დემენცია აქვს. ნაირა და მისი დები თვლიან, რომ ალცჰაიმერის ნიშნები მას სწორედ 2015 წელს, შვილის გადმოსვენების შემდეგ დაეწყო.
“როგორც კი დედა გადმოასვენეს, თითქოს მოეშვა. ვალდებულებებიც აღარ ჰქონდა ჩვენთან, ჩვენ გაზრდილები ვიყავით უკვე და ჩვენი გზები ნაპოვნი გვქონდა. დედას გადმოსვენება მისთვის შოკი იყო. მთლიანად ოჯახისთვის იყო შოკი“.
ნაირა ლეზგიანის უკიდურესად გულახდილმა საუბარმა მომცა გამბედაობა, მისთვის ის კითხვა დამესვა, რომელიც საუბრის დაწყებიდანვე მაწუხებდა. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც დედაზე ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ, ერთხელ მაინც თუ დაუშვია, რომ შესაძლოა, იქ, იმ თვითმფრინავში დედამისი იჯდა, რაზეც მან მიპასუხა, რომ ეს მისი ცხოვრების მთავარი კითხვაა.
“ძალიან დიდხანს, 2015 წელს რომ გადმოასვენეს, მაშინაც კი მქონდა ის შეგრძნება, რომ არა, ეს დედაჩემი არ არის. თურმე, იმაშიც უნდა გაგიმართლოს ადამიანს, რომ ახლობელს რომ დაკარგავ, ან ფაქტს შეესწრო, ან შენ თვალწინ დაასაფლავონ. საშინელებაა, ალბათ, ამის თქმა მაგრამ ბედნიერება ყოფილა, ზოგადად, საფლავის ქონა, იმიტომ, რომ ჩვენ ეს გვქონდა ოცნებად, გვინდოდა, რომ დედის საფლავი გვქონოდა, სადაც მივიტანდით ყვავილებს.
მაგრამ ეს მერე იყო, წლების მერე. იქამდე კი ვოცნებობდით, რომ დაბრუნდებოდა. ჩემს პატარა დას დედა არ ახსოვს, მაგრამ ითხოვდა დედას და ბებიაჩემი წლების განმავლობაში იგონებდა ისტორიებს. ეტაპობრივად ეს ამბები იცვლებოდა, ვხვეწდით ჩვენც. ვეუბნებოდით, რომ დედამ ფეხი მოიტეხა და რომ მოურჩება, ჩამოვა. ისიც იზრდებოდა ნელ-ნელა და კითხულობდა, კი, მაგრამ, ფეხი არ მოურჩა? როდის დაბრუნდება? მერე ახალი ამბავი გვქონდა, რომ იქ მდინარე და ხიდი ჩაინგრა და ამ ხიდს რომ ააშენებენ, დაბრუნდება და ამასობაში ჩემი დაც გაიზარდა და უკვე მიხვდა, რომ დედა აღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, რომ იქნებ… სულ ვფიქრობდით, რომ იქნებ, ოდესღაც მოხდეს ისე, რომ აი, კარი გაიღოს და შემოვიდეს. იქნებ, დაიჭრა. იქნებ, ამნეზია აქვს და არ იცის, ვინ არის, სად არის. ძალიან დიდხანს მქონდა იმის ოცნება, რომ იქნებ, მოვახერხო, მე ჩავიდე და მე სხვანაირად მოვძებნი. ასეთი ოცნებები და ფიქრები 2015 წლამდე სულ გვქონდა. 2015-ში ეს მძიმე, არეული, კითხვებით სავსე ეტაპი თითქოს დასრულდა” – ამბობს ნაირა ლეზგიანი და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ამატებს – “თუმცა, ალბათ, ვერასდროს გადაფურცლავ ამ გვერდს. ღია ჭრილობად რჩება”.
მოგვიანებით ოჯახმა ისიც გაარკვია, რომ აფეთქებისას მამა აეროპორტთან ახლოს იყო, რადგან იცოდა, რომ მისი ცოლი სოხუმში დაბრუნებას ცდილობდა და თავისი თვალით დაინახა, როგორ აფეთქდა თვითმფრინავი, რომელშიც მისი ცოლი იჯდა, თუმცა, ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა.
ომის გამწვავებასთან ერთად 2 წლის ბავშვის სოხუმში დატოვების რისკის მოსალოდნელი შედეგები ყოველ წუთს უფრო საშიში ხდებოდა. ამიტომ, მამამ გადაწყვიტა, რომ ცოლს აღარ დალოდებოდა და ბავშვი მოსკოვში ცოლის დასთან ჩაეყვანა.
2 წლის გოგო, რომელსაც ენა ახალადგმული ჰქონდა, მამამ პატარა ზომის ზურგჩანთით გადაიყვანა.
“ჩასვა პატარა ზურგჩანთაში, დაუტოვა მცირე თავისუფალი ადგილი, რომ ესუნთქა და კანფეტები ჩაუყარა იმ პირობით, რომ მთელი გზა ხმას არ ამოიღებდა. ჩემს დას ახალდაწყებული ჰქონდა საუბარი, ამიტომ, ლაპარაკობდა მხოლოდ ქართულად. მამამ იცოდა, რომ თუკი ბავშვი ქართულად დაილაპარაკებდა, მას მოკლავდნენ”.
ბავშვის დატოვების შემდეგ რაფიკ ლეზგიანი მაშინვე დაბრუნდა სოხუმში, რომ ცოლს დახვედროდა.
მისი კვალი აქ ქრება.
ასე დაკარგეს დებმა ერთ ომში ორი მშობელი. ეს ლეზგიანების ოჯახის ისტორიაა – ერთ-ერთი იმ ბევრი ტრაგედიიდან, რომელიც აფხაზეთის ომმა მოუტანა საქართველოს.
ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე ომი აფხაზეთიდან დევნილებს კიდევ ერთხელ ახსენებს არც ისე კარგად მოშუშებულ იარებს, ახსენებს, როგორია სარდაფში დამალვა, როცა შენს ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის, ახსენებს შიშსა და სასოწარკვეთას.
“ყველა ახალგაზრდა უკრაინელ ქალში ვხედავ დედას. ყველა პატარა ბავშვში კი საკუთარ თავსა და ჩემს დებს” – მეუბნება ნაირა ლეზგიანი და ინტერვიუ დასასრულისკენ მიდის – “რაც ეს ომი დაიწყო, ცუდი სიზმარივით დამიბრუნდა ყველა მოგონება. აბსოლუტურად ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხდებოდა აფხაზეთში”.