მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური ექსპერტიზის დასკვნების ახალ ნაწილს არ ასაჯაროებს. უწყებაში მოკვლევა 6 თვეზე მეტია გრძელდება, თუმცა ახალ ხელმძღვანელს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველებისთვის დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია.
“ქართული ოცნების” მიერ გაუქმებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, საგამოძიებო სამსახურს ექსპერტიზების ნაწილზე პასუხი ამ დრომდე უნდა მიეღო.
“ბევრი ექსპერტიზა იყო დანიშნული, მე ვფიქრობ, რომ ექსპერტიზების რაღაც ნაწილისთვის ეს დრო უნდა ყოფილიყო საკმარისი, იმისათვის რომ ექსპერტიზას პასუხები გაეცა, თუმცა საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია იყო გადაცემული ექსპერტთათვის და შესაძლოა ნაწილი მათგანისთვის ეს დრო საკმარისი არ ყოფილიყო.
დარწმუნებული ვარ, ან იმედი მაქვს მე, რომ ადვოკატებს აქვთ ისევ კომუნიკაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და ალბათ უნდა ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია რა ექსპერტიზები უკვე მოვიდა, რა ექსპერტიზები აგვიანებს, ზოგადად ექსპერტიზების დროულად ჩატარება ამ ქვეყანაში არის პრობლემა”, – თქვა ლონდა თოლორაიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისე გაუქმდა, რომ სააკაშვილზე გამოძიება ვერ დაასრულა. მოკვლევა კი მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში მოტყუებით გადაყვანას და ძალადობის ეპიზოდს ეხება.