მუზეუმიდან ყველაზე კომპეტენტური ხალხი გაუშვა, ეტყობა მართლა “ბუტკა” ჰგონია – გაგოშიძე წულუკიანზე

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული იულონ გაგოშიძე თეა წულუკიანს პასუხობს. კულტურის მინისტრის მიერ დაწყებული რეორგანიზაციის მიზეზით დათხოვნილი მეცნიერი ამბობს, რომ სამინისტრო ნამდვილად არ არის “ბუტკა”, თუმცა წულუკიანს ასეთი ჰგონია.

მისივე თქმით, მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები არიან და მათი კვალიფიკაცია წულუკიანის დასაწუნი არ არის.

“კი, მართლა არ არის ბუტკა და ისე იქცევა, თითქოს ბუტკაა, სადაც უნდა იქით გადადგამს, გადმოდგამს, მინისტრს სხვა საქმე უნდა ჰქონდეს. ყველაზე კომპეტენტური ხალხი გაუშვა, ახალგაზრდებზე ვლაპარკობ, ეს ახალგაზრდები უკვე მსოფლიოში ცნობილი ხალხია, ეს არის ყელის გამოჭრა ჩვეულებრივად მუზეუმისთვის, მართლა ბუტკა ჰგონია მაგას ეტყობა”, – თქვა გაგოშიძემ. 

ცნობისთვის, გუშინ მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად წულუკიანმა თქვა, რომ სამინისტრო “ბუტკა” ან კერძო კომპანია არაა.

ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მოტივად რეორგანიზაცია დასახელდა. ისინი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ და ამბობენ, რომ წულუკიანი მისთვის არასასურველ კადრებს იშორებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share