,,მთავარი არხის”დაპატიმრებული დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, რუსთავის 212-ე საკნიდან დღეს შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობას, ,,გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ”, ეხმიანება და აღნისნავს, რომ საქართველოს სხვა ალეტრნატივა არ აქვს, გარდა ევროპისა.
დიდი სიამაყით და სიხარულით მივესალმები საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ”! მივესალმები და ვუერთდები რუსთავის მე-12 დაწესებულების 212-ე საკნიდან.
დღეს გამოქვეყნებული მანიფესტის თითოეულ სიტყვას ხელს მოაწერდნენ შოთა, ილია, სულხან-საბა, დიმიტრი ყიფიანი, ქართველი გლეხი, რომელმაც დიადი ქართული მრავალხმიანობა შექმნა, ჯვაროსნულ ლაშქრობაში თუ ნატოს ოპერაციებში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კირიონ მეორე და ამბროსი ხელაია, ივანე ჯავახიშვილი და დიმიტრი უზნაძე, ვაჟა-ფშაველა და დავით კლდიაშვილი, მარო მაყაშვილი, გენერალი კვინიტაძე, დაღუპული ქართველი იუნკერები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, გიორგი ანწუხელიძე, თავისუფალი სამყაროს დასაცავად უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირები!
დღეს გამოქვეყნებული მანიფესტის თითოეულ სიტყვას ხელს ვაწერთ თავისუფალი და ამაყი ქართველი ხალხი, თითოეული გულმხურვალე მედასავლეთე ქართველი პატრიოტი!
დღეს გამოქვეყნებული მანიფესტის თითოეულ სიტყვას ხელს მოაწერენ ჩვენი მომავალი თაობები – ჩვენი მთავარი განძი, სიამაყე და იმედი!
ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია! ალტერნატივა არ არსებობს და ვერც იარსებებს!
ჩვენი ერის, უძველესი ევროპელების, მთავარი საკაცობრიო სიმბოლო, ოქროს საწმისი, ინახება სწორედ ევროპულ ოჯახში და ჩვენ, თავისუფალი და ამაყი ქართველი ერი, აუცილებლად უნდა ვიყოთ ოქროს საწმისის მცველების ამ დიდ და მტკიცე ოჯახში, როგორც თანასწორი, თანასწორთა შორის! – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.
დღეს საქართველოში მოქმედმა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” დააფუძნეს.