ირაკლი ღარიბაშვილს ნერვებმა უმტყუნა. პრემიერმინისტრს ოპონენტების კითხვები არ მოეწონა და პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ლანძღვა დაიწყო. სანამ სიტყვით გამოვიდოდა, ცდილობდა ოპოზიციის კრიტიკა არ მოესმინა და გვერდით მჯდომ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ცოტა გაერთო. ბოლოს ტრიბუნასთან დადგა და ტრადიციულად სამიზნეში ოპონენტები ამოიღო.
ღარიბაშვილმა ტრადიციას არ უღალატა და ბიძინა ივანიშვილს საკანონმდებლო ორგანოს უმაღლესი ტრიბუნიდანაც ხოტბა შეასხა.
ღარიბაშვილს ოპოზიციისგან ევროინტეგრაციის განაცხადზე მწვავე გზავნილების მოსმენა მოუწია. პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს პრემიერს გაუხსენეს ყველა ის განცხადება, რომელიც ომში მყოფი ხელისუფლების და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ გაუკეთებია – რომ სანქციები არ მუშაობს და რომ ომი უკრაინაშია და მას არ აინტერესებს.
ოპოზიცია დღეს ითხოვდა პასუხებს, როგორ აპირებს ოცნების ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციას მაშინ, როცა ციხეში ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი პირადი შურისძიების გამო ჰყავს გამოკეტილი.
საპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ერთობლივი განცხადება გააკეთა და ხელისუფლების 7 პუნქტიანი გეგმა შესთავაზა, როგორ უნდა გადაარჩინონ ევროკავშირის განაცხადი.
ამ შეთავაზებისთვის ხელისუფლებას არ უპასუხია. დღეს მთავრობის მეთაური გამოსვლაში ძირითადად ტრაბახით და ე.წ პრაგმატული პოლიტიკით თავის მოწონებით იყო დაკავებული. პირობა დადო, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ტერიტორია არასდროს გახდება.
პრემიერ მინისტრის მოსმენა პარლამენტში 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მთავრობის მეთაურმა არგუმენტირებული პასუხების ნაცვლად კი ტრადიციულად ისევ სიძულვილის და თავდასხმის გზა აირჩია.