საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ციხეში აწამებენ – მთავარი ბრალდებული კი საქართველოს ხელისუფლებაა – ამ სათაურით სტატიას იტალიური გამოცემა “ლა რეპუბლიკა” აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ ვარდების და მაიდანის რევოლუციების მთავარი გმირი, პუტინის პირადი მტერი და უკრაინის მოქალაქე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში” ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით იმყოფება.
სტატიის ავტორი მიხელ სააკაშვილის უფლებადამცველისა და ცენტრ “ემპათიას“ ექიმების განცხადებასაც ავრცელებს, სადაც ისინი აცხადებენ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების, ასევე არასათანადო მკურნალობის შედეგია.
სტატიაში საუბარი შეეხო ევრო პარლამენტარების, ყოფილი ელჩებისა და დასავლელი პოლიტიკოსების გამოხმაურებასაც, რომელშიც ისინი საქართველოს მთავრობას ადანაშაულებენ და ევროკავშირს მიმდინარე პროცესებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებენ.
სტატიის ავტორი, ასევე, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებაზეც საუბრობს და ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებას იშველიებს, სადაც საუბარია, რომ დემოკრატიის დაცვის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი, მედია თავისუფლების დაცვაა.