არქეოლოგებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათ, კაიროს მახლობლად მდებარე საკარას ნეკროპოლისში, უძველესი არტეფაქტები აღმოაჩინეს. აღმოჩენილ არტეფაქტებს შორისაა მუმიები და ბრინჯაოს ქანდაკებები, რომლებიც 2500 წლით თარიღდება. “განძს შორის 250 სარკოფაგია, რომლებშიც კარგად შემონახული მუმიებია”, – განაცხადა ეგვიპტის “სიძველეების უმაღლესი საბჭოს” გენერალურმა მდივანმა, მუსტაფა ვაზირიმ.
მან კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენის შესახებ განაცხადა. “ისტორიაში პირველად, ერთ-ერთ ხის სარკოფაგში, დასრულებული და დალუქული პაპირუსი აღმოვაჩინეთ“, – თქვა მან რეპორტიორებთან საუბრისას. დოკუმენტი დაუყოვნებლივ გადაიტანეს მუზეუმში შემდგომი შესწავლისთვის. ვაზირის თქმით, ეს 100 წლის წინ აღმოჩენილი “კარიბჭის წიგნისა” და “გარდაცვლილთა წიგნის” არტეფაქტების მსგავსია (ორივე მათგანი ძველი ეგვიპტური დაკრძალვის ტექსტებია).
“გათხრებმა ასევე ეგვიპტური ღვთაებების 150 ბრინჯაოს ქანდაკება და რიტუალებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები აღმოაჩინა, რომლებიც ძველი ეგვიპტის გვიანი პერიოდით, ქრისტეშობამდე 500 წლით თარიღდება”, – თქვა ვაზირიმ, რომელიც კაიროს მახლობლად ჩატარებულ არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა.
ეგვიპტის მთავრობა იმედოვნებს, რომ ბოლოდროინდელი აღმოჩენები ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიას ახალ სულს შთაბერავს, ეკონომიკურ მდგომარეობას გამოაწორებს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს. ეგვიპტის ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა, ბოლო დეკადის განმავლობაში, პოლიტიკური ქაოსის მსხვერპლია, რომელსაც კორონავირუსის პანდემია და უკრაინაში ომიც დაერთო (როგორც წესი, ეგვიპტეში ტურისტების ძირითადი ნაწილი რუსეთიდან და უკრაინიდან ჩადის).
წარსულში, საკარას ნეკროპოლისი უძველესი დედაქალაქის, მემფისის ნაწილი იყო. მისი ნანგრევები ახლა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. სარკოფაგებს ახალ, “დიდ ეგვიპტურ მუზეუმში“ გადაიტანენ, რომელიც კაიროს გარეთ, ცნობილი გიზას პირამიდების მახლობლად, ნოემბერში გაიხსნება.
წყარო: washingtonpost