ბავშვთა დაცვის დღეს ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი კამპანიის მონაწილე ბავშვები ითხოვენ პოზიტიურ მშობლობას ოზურგეთი, 2022 წლის 1 ივნისი –
ოზურგეთის ცენტრში შეკრებილმა ბავშვებმა მშობლებს მოუწოდეს ყურადღებით მოეპყრან მათ გრძნობებსა და აზრებს.
ჩამეხუტე, ამიხსენი, მომისმინე, მენდე, მესაუბრე, მეთამაშე, მკითხე აზრი – ეს მოთხოვნები ბავშვებმა თავიანთ მშობლებს ბავშვთა დაცვის დღეს დაწყებული სოციალური ცვლილების კამპანაში „იმშობლე“ მონაწილეობისას გაუზიარეს.
კამპანიას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით, მათი ერთობლივი პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.
ღონისძიებამ, რომელიც ერთდროულად გასართობ და საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა, თავი მოუყარა ბავშვებსა და მშობლებს და ისინი ერთობლივ აქტივობებსა და თამაშებში ჩართო, რომლებიც მიზნად ისახავდა პოზიტიური მშობლობის მეთოდების წახალისებას. ბავშვებს და მშობლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს პოზიტიური მშობლობის მნიშვნელობას ბავშვის განვითარებაში. „მშობლობა იოლი საქმე არაა“, აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა. „პოზიტიური მშობლობა არის უნარი, რომლის სწავლაც აუცილებელია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ კარგი ბავშვობა, ჯანსაღი ცხოვრება და უკეთესი მომავალი და დაცულნი იყვნენ ცუდი მოპყრობისა და ძალადობისგან. ბავშვებს რომ სათანადოდ დაეხმარონ, მშობლებსა და მზრუნველებს სჭირდებათ შესაბამისი ცოდნა და მეთოდები. ევროკავშირთან პარტნიორობით ჩვენ ვეხმარებით მშობლებს, შეიძინონ კონკრეტული უნარები, რომლებიც მათ დაეხმარება ბავშვებზე უკეთ ზრუნვაში,“ დასძინა ხალილმა. კამპანია „იმშობლე“ ჩატარდება გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში და შეიმუშავებს პოზიტიური მშობლობის შესახებ ციფრულ საკომუნიკაციო პლატფორმას. კამპანიის ფარგლებში კონკრეტულ ინფორმაციასა და მეთოდებს გაეცნობიან მშობლები და მზრუნველები სკოლებში, საბავშვო ბაღებში, მუნიციპალიტეტებსა და და ადგილობრივ თემებში. პოზიტიური მშობლობა მოიცავს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ ვმართოთ ემოციები ან კონფლიქტები იმგვარად, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის განსჯის უნარისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და არ შევულახოთ თავმოყვარეობა და ღირსება, არ დავურღვიოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბალანსი. სამწუხაროდ, ბავშვების აღზრდისას ხშირად იყენებენ სადამსჯელო მეთოდებს, რომლებიც სასურველი ქცევის მისაღწევად ფიზიკური ძალის გამოყენებასა და სიტყვიერ დაშინებას ეყრდნობა. კვლევებმა აჩვენა, რომ მკაცრ დისციპლინას ბავშვებისთვის მოაქვს საზიანო შედეგები, რომლებიც ვლინდება როგორც დაუყონებლივ, ასევე გრძელვადიანი ზიანის სახით და ის ბავშვებს ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვებათ. ძალადობა აფერხებს ბავშვის განვითარებას, სწავლის უნარებსა და აკადემიურ მოსწრებას; იგი ხელს უშლის დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, იწვევს დაბალ თვითშეფასებას, ემოციურ სტრესსა და დეპრესიას, ზოგჯერ კი მას მოსდევს გაუმართლებელი რისკი და თვითდაზიანებაც კი. 2018 წელს საქართველოში განხორციელებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) თანახმად, ბავშვების დაახლოებით 69 პროცენტის მიმართ გამოიყენეს აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი. ბავშვების 31-მა პროცენტმა განიცადა ფიზიკური დასჯა, ხოლო ბავშვების 5-მა პროცენტმა – მკაცრი ფიზიკური დასჯა, როგორიცაა სახეზე, თავზე ან ყურებზე დარტყმა და ცემა მთელი ძალით და არაერთგზის. ბავშვების 66 პროცენტი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.