bpn.geგრძელდება ცირკულარული მიგრაციის პროექტები, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების საშუალებას ქმნის. ამის შესახებ პრემიერის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია აღნიშნული.
„ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად,“-ნათქვამია მოხსენებაში.
დოკუმენტში საუბარია იმ შედეგებზე, რაც ამ კუთხით რამდენიმე ქვეყანასთან უკვე მიღწეულია. კერძოდ, გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, გერმანული მხარის მიერ გათვალისწინებულია წლიური კვოტა 5 000 ადამიანისათვის. 2021 წლის განმავლობაში შეირჩა და დასაქმდა 308 მოქალაქე, ხოლო 2022 წლის 1 მაისის მდგომარეობით − 132 მოქალაქე.
ამასთან, ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით, ბაზაში რეგისტრირებულია საქართველოს 2 076 მოქალაქე. აქედან, შეთანხმებაში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ისრაელის მხარის მიერ შეირჩა 60 განმცხადებელი, რომელიც არის ე. წ. „ლატარიის“ ეტაპზე. ასევე, ისრაელთან გაფორმებული შეთანხმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის ბოლოს განათლების სამინისტროს სსიპ − განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და შესაბამის პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა ახალი მოკლევადიანი (144-საათიანი) სასწავლო კურსი მომვლელებისთვის, „გერიატრიული ასისტენტი“, რომლის გავლის შემდეგაც, 2022 წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნება საქართველოს 1 000 მოქალაქეს.
„საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, გრძელდება მუშაობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისათვის. მომზადებულია საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის პილოტური პროექტი, რომლის თანახმად, იგეგმება საქართველოს 100 მოქალაქის საფრანგეთში დროებით ლეგალურად დასაქმება.
დამატებით, 2021 წლის 30 ნოემბერს, ხელი მოეწერა „ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ“ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდება საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება ევროკავშირის კიდევ ერთ ქვეყანაში.
ევროპის სხვა ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, ჯამში 9 ქვეყანასთან (პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი, ფინეთი, ბელგია და საბერძნეთი) იქნა ინიცირებული დიალოგი და განსახილველად გაიგზავნა ქართული მხარის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ქვეყნის მთავრობას შორის ლეგალური დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ,” – ვკითხულობთ ანგარიშში.