მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის [UNWTO] ინფორმაციით, უკრაინაში გახანგრძლივებული ომის გამო, შესაძლოა, 2022 წელს მსოფლიო ტურიზმის დანაკარგი 14 მილიარდი დოლარი იყოს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ასევე წერია, რომ საერთაშორისო ტურიზმში რუსეთისა და უკრაინის ჯამური დანახარჯები 2020 წლის მონაცემებით, 3%-ს შეადგენდა. UNWTO-ს შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი საერთაშორისო ტურიზმის აღდგენისთვის რისკის შემცველია.
ომმა გავლენა უკვე იქონია ნავთობის, ტრანსპორტის ფასზე და ძირს უთხრის აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობის საკითხს. საერთაშორისო ფრენების კუთხით ყველაზე მეტად მოლდოვა დაზარალდა, სადაც ომის დაწყების შემდეგ [24 თებერვალი] ფრენების თითქმის 70%-იანი ვარდნაა 2019 წელთან შედარებით. Eurocontrol-ის ცნობითვე, ფრენები შემცირდა სლოვენიასა და ლატვიაშიც.
ომის მიუხედავად, მარტიდან მაისის დასაწყისამდე ევროპაში საჰაერო ტრაფიკი სტაბილურად იზრდებოდა. ამას გარდა, ფრენებზე ჯავშნები მიუთითებს როგორც ევროპის შიგნით, ასევე აშშ-დან ევროპის მიმართულებით მოთხოვნის ზრდაზე.
UNWTO-ის განცხადებით, ამაში წვლილი მოგზაურობაზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნამაც შეიტანა. მაისის დასაწყისისთვის 36-მა ქვეყანამ Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები მოხსნა, თუმცა როგორც UNWTO წერს, ევროპაში საომარი ვითარების გაგრძელება ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეა.
2019 წლის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მოგზაურობაზე 36 მილიარდი დოლარი დახარჯეს, ხოლო უკრაინელების დანახარჯები 8.5 მილიარდი დოლარია. პანდემიურ 2020 წელს ეს თანხა რუსების შემთხვევაში 9.1 მილიარდ დოლარამდე, უკრაინელების შემთხვევაში კი 4.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
რუსეთი და უკრაინა მეზობელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ბაზრებია, თუმცა ასევე ევროპის სხვა ქვეყნებისთვისაც. რუსეთის ბაზარს დიდი წილი უჭირავს ისეთ მიმართულებებზე როგორებიცაა მალდივები, სეიშელი, შრი-ლანკა და სხვა.