მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეების ექსკურსია აჭარაში

2022 წლის 5 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელები (9,10,11,12 კლასები), ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მენეჯმენტის ინიციატივით აჭარაში, კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სანახაობები დაათვალიერეს. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოინახულეს მდინარე კინტრიშზე არსებული მცირე ჰიდროელექტროსადგური, კინტრიში ჰესი, რომელიც მდინარის მოდინებაზე მუშაობს. ჰესი 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ჰესის სიმძლავრე არის 6. 4 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი საშუალოდ 30 მილიონი კილოვატსაათი. ჰესის მენეჯერმა სტუმრებს გააცნო ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის სპეციფიკა და დაათვალიერებინა თევზსავალი. ჰიდროელექტროსადგურის მონახულების შემდეგ, მთისპირელმა ახალგაზრდებმა მოინახულეს ისტორიული ციხე-ქალაქი ეგრისის სამეფოში, პეტრა, რომელიც  ციხისძირის ტერიტორიაზეა განთავსებული. ექსკურსიის ფარგლებში გაიმართა პიკნიკი, ხოლო, სპეციალურად ამ ასაკის ბავშვებისთვის  შექმნილ გასართობ პროგრამას უძღვებოდა მოწვეული ტრენერი ქეთევან ლობჟანიძე, ფსიქოლოგი, „ინსაით“ ჯგუფის დამფუძნებელი და HR მენეჯერი.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, საკუთარი თვალით ნახო ჰიდროელექტროსადგური, გაეცნო მისი მუშაობის სპეციფიკას და გააცნობიერო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია ქვეყნისთვის მცირე ჰიდროელექტროსადგურების განვითარება. დღეს, ჩვენ  წარვუდგინეთ სტუმრებს კინტრიში ჰესი, რომელიც  ჩვენი კოლეგების, კერძოდ „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ მიერა არის აშენებული და მართული.  ჰესი მდინარის მოდინებაზე მუშაობს და გააჩნია თევზსავალი.  გვინდოდა ახალგაზრდებს ენახათ, თუ როგორია მოქმედი ჰიდროელექტროსადგურის  მუშაობის რეჟიმი და ასევე, როგორ ფუნქციონირებს თევზსავალი. ჩვენი ტრენინგების ფარგლებში ბავშვებს თეორიული ცოდნა უკვე გააჩნიათ, ახლა პრაქტიკაში გვინდოდა ახსნილის ჩვენება“ – განაცხადა ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ.

ექსკურსია, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროგრამირების საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტი  სპეციალურად  მთისპირის სკოლის უფროსკლასელთათვის შემუშავდა არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის სახით, რომლის მიზანია მეცხრე, მეათე, მეტერთმეტე და მეთორმეტე კლასების მოსწავლეებში ინფორმაციის გავრცელება და ცოდნის გაზიარება განახლებადი ენერგიების შესახებ, ამავდროულად, გარემოსდაცვით საკითხებში ცნობიერების ამაღლება.

„ელექტროენერგია ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტია საჭირო, რადგან მუდმივად იზრდება მისი მოხმარება. უფრო ხშირი და აუცილებელი ხდება იმ ხელსაწყოებისა თუ ტექნიკის გამოყენება, რომლებიც აქტიურად მოიხმარენ ელექტოენერგიას, აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ. განახლებადი ენერგიის ათვისებას. ძალიან დიდი ენერგიის მიღება შეიძლება ქარისგან, მზისგან, ბუნებრივად მოდინებული წყლისგან… ეს ისეთი ბუნებრივი მოვლენებია , რომლებიც თავისთავად არსებობენ სამყაროში და თუ მათ ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენებთ და ენერგიად გარდავქმნით, შევამცირებთ ეკოსისტემის ხელოვნურად დაზიანებას, მცენარეები და ცხოველები მაქსიმალურად იქნებიან დაცულნი და არ დავაზიანებთ მათ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს. ეს კი, ისევ ჩვენს პლანეტას დაუბრუნდება დადებითად. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის შემდეგ დავფიქრდი ამ ყველაფერზე, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იზრუნა ჩვენზე, რომ  ამ კუთხით მიგვეღო ცოდნა. გაგვიმართლა მე და ჩემს თანატოლებს“ – განაცხადა ირაკლი ცეცხლაძემ,  მთისპირის საჯარო სკოლის 11- ე კლასის მოსწავლემ.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ტრენინგ კურსი უფროსკლასელთათვის სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება. მისი განახლება კი, 2022 წლის სექტემბრიდან არის დაგეგმილი. სექტემბრიდან ლექციები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლაშიც ჩატარდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share