“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მეუღლე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდება. შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, სოფო ლილუაშვილმა ელჩს ნიკა გვარამიას წერილი გადასცა.
ნიკა გვარამია ელჩს სწერს, რომ ევროკომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და დააკმაყოფილოს საქართველოს განაცხადი, ვინაიდან ქვეყანას ახლა ისე სჭირდება ევროპული ოჯახი, როგორც არასდროს.
“ვინაიდან ახლა აქტიურად მიმდინარეობს ევროპულ ინსტიტუტებში საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განხილვები, ნიკას სურს, რომ თავისი პოზიცია და მოსაზრება გააცნოს ევროპულ ინსტიტუტებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ის არის დღეს პოლიტპატიმარი, ნიკაც და ჩვენც – მისი ოჯახი, ვთვლით, რომ ევროპულ ოჯახში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის და ვთხოვთ ევროპულ კომისიას, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი”, – თქვა სოფო ლილუაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.