”ბრიუსელში ექსკურსიებზე სიარულის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლება, ევროპარლამენტარებს უნდა დაელაპარაკოს და კითხოს რა პრეტენზიები აქვთ ჩვენთან” – ასე ეხმაურება, დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე, ევროკავშირის კრიტიკულ რეზოლუციას.
მისივე თქმით, ერთადერთი ვისი პასუხისმგებლობაც იკვეთება ევროპარლამენტარების კრიტიკაზე ეს არის საქართველოსვე ხელისუფლება, ვინაიდან მათი ნაბიჯები პირდაპირ ქმნის გარკვეულ კითხვის ნიშნებს ევროპელი მეგობრებისთვის.
გრიგოლ ვაშაძე ასევე გამოეხმაურა “ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არავითარი პრაქტიკული შედეგი არა აქვს. ვაშაძის თქმით, კობახიძის ეს განცხადება მიზანმიმართული ტყუილია და ის ადამიანი, ვინც ამას ამბობს “კინწისკვრით უნდა გააგდოთ და არასოდეს არაფერი არ კითხოთ”
ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას წარუმატებლობაში ყოველთვის პასუხს აგებს ხელისუფლება. 2 კვირა დარჩა იქამდე, სანამ მიიღებს ევროკომისია გადაწყვეტილებას. ამ ორი კვირის განმავლობაში საჭირო არის, რომ ჩვენი თანამდებობის პირები, რომლებიც ბრიუსელში ექსკურსიაზე დადიან გამოიკვლიონ და შეხვდნენ ევროპარლამენტარებს ელაპარაკონ, გაარკვიონ ჩვენთან მიმართებაში ყველა პრეტენზია, როცა მშვენივრად ვიცით თუ რა არის ეს პრეტენზიები. ვინც ამბობს რომ კანდიდატის სტატუსს, კანდიდატი სახელმწიფოსთვის არაფერი არ მოაქვს , ის ადამიანი კინწისკვრით უნდა გააგდოთ და არასოდეს არაფერი არ კითხოთ ” – ამბობს გრიგოლ ვაშაძე
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას ეხება.
რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.