კურორტ ბახმაროში ლედ განათების სისტემა დამონტაჟდება

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას შორის 2021 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კურორტ ბახმაროს ცენტრალურ ქუჩაზე 4.5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ლედ განათების სისტემა დამონტაჟდება. საპროექტო არეალი დაათვალიერეს ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის  და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. არსებული მოძველებული ბოძების დემონტაჟისა და ლედ ნათურებით აღჭურვილი ახალი თანამედროვე ბოძების მონტაჟის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტი CCEH-ისა და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება და ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.

„მოხარულნი ვართ, რომ მოვახერხეთ და მაქსიმალურად მცირე დროში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასთან ერთად შევძელით იდეის პროექტად ჩამოყალიბება. უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით. გვსურდა,  განგვეხორციელებინა პროექტი, რომელიც იქნებოდა ინოვაციური და აუცილებლად მდგრადი, რეგიონისთვის სასარგებლო და ასევე, უპასუხებდა გლობალურ გამოწვევებს. ლედ ტექნოლოგია არის გრძელვადიანი, ის ეკოლოგიური განათების სისტემაა, ძალიან დაბალი, დამზოგველი მოხმარებით. თანამედროვე და ეკოლოგიური ტექნოლოგიები ინოვაციურია რეგიონისთვის და გვახარებს ის ფაქტი, რომ USAID-ისთან ერთად  სწორედ ასეთ პროექტს ვახორციელებთ ყველასათვის საყვარელ კურორტ ბახმაროში“ – განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა.

„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორთან, ქვეყანაში სუფთა და განახლებადი ენერგიის წყაროების რაციონალური ათვისების, ინვესტიციების წახალისების, მდგრადი ენერგიის მოხმარების, თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვის მიზნით. ჩვენ მივესალმებით კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის მიდგომას განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტირების პარალელურად განახორციელოს სხვადასხვა სოციალური და ინოვაციური პროექტები. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად კურორტ ბახმაროს ცენტრალური ქუჩის ენერგოეფექტური განათების სისტემის მოწყობის პროექტი განხორციელების ფაზაზე გადავიდა და რამდენიმე თვეში შევძლებთ ამ საპილოტე პროექტის წარმატებით დასრულებას“ – განაცხადა ივანე პირველმა, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.

USAID-ის   ენერგეტიკული   მომავლის   უზრუნველყოფის პროგრამისა და  კავკასიის  განახლებადი  ენერგიის  ჰოლდინგის პარტნიორობა გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკული    სექტორის    წინსვლის ხელშეწყობას   და    ამ მიმართულებით, მდგრადი    შედეგების უზრუნველყოფას. საკითხისადმი ერთობლივი  მიდგომა  გულისხმობს,  გურიის რეგიონში ინოვაციური  იდეებისა და პროექტების წახალისებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კერძო სექტორში ინვესტიციების ზრდას, თანამშრომლობის მიზანია,  საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი გენერაციის ობიექტების განვითარება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share