საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ვალოდია გოგუაძე და მისი მეუღლე ნამეტია საფრანგეთში გაიხიზნენ. ნოე ჟორდანიას შვილი, რეჯები იხსენებდა: ,,გოგუაძეებმა ეს (საკუთარი მიწის ნაკვეთი) ფერმად აქციეს და ააყვავეს… (ყველაფერი გურულ ყაიდაზე ჰქონიათ მოყობილი) არც ცხენი ჰყოლიათ, არც ტრაქტორი მინახავს მათ მამულში – ყველაფერს ხელით აკეთებდნენ. ვალოდია ქართული არმიის პოლკოვნიკი იყო. მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიღებული და ცალი ფეხი გაშეშებოდა ( ,,ვალოდია მეფის დროს ვიღაც ხუნხუზ ხალვაშს ფეხში დაუჭრია და სამუდამოდ დაკოჭლებულა. შემდეგში ეს ხუნხუზი ვალოდიას მოუკლავს”. ნამეტია მას ,,კოჭლაბუხას” ეძახდა თურმე. მიხეილ ვადაჭკორიას მოგონება) ართრიტი სტანჯავდა და ზოგჯერ ჭინჭრით ისუსხავდა ფეხს, ტკივილი რომ შეემსუბუქებინა… მიწის სამუშაოებს ვალოდია ასრულებდა. მას მუნჯი სევასტი…. და დროებით დაქირავებული მუშები ეხმარებოდნენ. მახსოვს, ჟოლოს დასაკრეფად სოფელში რამდენიმე ქალი დაიქირავა. დროდადრო გასძახებდა: იმღერეთ, იმღერეთო. ქალებიც სიამოვნებით ამღერდებოდნენ…. ვალოდიას მუსიკის სიყვარული კი არ ამოძრავებდა, სიმღერისას მოჯამაგირეები ამ ძვირფასი ხილის ჭამით ვეღარ სკდებოდნენ!
ვალოდიას ცოლი ნამეტია სახლს, ფრინველს და პირუტყვს უვლიდა… ნამეტიას არავინ ეხმარებოდა. მას ქართული ყველი ამოჰყავდა (რომლის მსგავსი მთელ საფრანგეთში არ მოიძებნებოდა) და ქართულ კერძებს ამზადებდა… ხაჭაპური, ფხალი, ლობიო, საცივი, ხარჩო…. მის გაკეთებულ კერძებს განსაკუთრებული გემო ჰქონდა. სიმინდის ფქვილით იგი მჭადსა და ღომს ამზადებდა…”
ირაკლი მახარაძე.