საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივა მედში” ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება, აქვს ტემპერატურა და საკვების მიღებას ისევ ვერ ახერხებს.
უფლებადამცველის თქმით, ომბუდსმენისა და ცენტრ “ემპათიას” ექსპერტების პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ გარემოში, სადაც პატიმრობისთვის დამახასიათებელი ნიშნებია, პაციენტის გამოჯანმრთელება შეუძლებელი იქნებოდა, მართლდება.
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება სტაბილურად, მას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქვს მაღალი ტემპერატურა, მათ შორის დღესაც. ის კვლავ ვერ ახერხებს ამ პერიოდის განმავლობაში საკვების მიღებას და თუკი ჩვენ აქამდე მხოლოდ წინსწრებით გვქონდა მოსმენილი პროგნოზი, ვგულისხმობ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას და ასევე ცენტრ ემპათიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ანგარიშებს, რომ მიხელ სააკაშვილის გამოჯანმრთელება ისეთ გარემოში, რომლისთვისაც დამახასიათებელია პატიმრობის ნიშნები არის შეუძლებელი ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ რეალურად ასეც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ის იმყოფება კლინიკაში”, – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.