ლანჩხუთი – პოდპოლკოვნიკ პრიხოდკოს სადამსჯელო ოპერაცია

გაზეთ რეჩში 1907 წლის 25 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია რუსეთის დუმის მიერ ამავე წლის 24 მაისს განხილული საკითხები, მათ შორის საკმაოდ ვრცელი ადგილი უკავია ლანჩხუთის საკითხს (Запросъ о Ланчхутахъ).
.
როგორც ინფორმაციიდან ირკვევა 1907 წლის 31 მარტის საღამოს ლანჩხუთში შესულა პოდპოლკოვნიკ პრიხოდკოს სადამსჯელო რაზმი, რომლის შემადგენლობაში იყო კაზაკთა ასეული და 132-ე ბენდერთა ფეხოსანი პოლკის ნაწილი.
.
როგორც დუმის 24 მაისის სხდომის ჩანაწერიდან ირკვევა სადამსჯელო რაზმის მიერ სოფელ ლანჩხუთის საზოგადოების მოსახლეობისათვის მოთხოვნილი იქნა 52 000 მანეთი, თანხა იმ დროისათვის კოლოსალური იყო და მოსახლეობა ვერ გადაიხდიდა, რის გამოც დუმაში გაიგზავნა 3000 კაცის მიერ ხელმოწერილი ტელეგრამა, რომელშიც ფულის უკანონო მოთხოვნის მოხსნასთან ერთად მოსახლეობა ითხოვდა პრიხოდკოს სადამსჯელო რაზმის მხრიდან ძალადობის შეწყვეტას, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მოსალოდნელი სისხლსღვრის თაობაზე აფრთილებდა დუმას.
.
ინფორმაცია საკმაოდ მოცულობითია და მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს გთავაზობთ – როგორც ირკვევა სახელმწიფო დუმას 6 აპრილის სხდომაზე უკვე მიღებული და გაგზავნილი ჰქონდა მთავრობისადმი შემდეგი შინაარსის მოთხოვნა:
.
“ქუთაისის გუბერნიის ქალაქ ოზურგეთიდან ლანჩხუთში ხელახლა ჩასულმა სადამსჯელო რაზმმა ლანჩხუთის საზოგადოებიდან ჯარიმის სახით იღებს 45 000 მანეთს, რომელიც თვითნებურად, როგორც სადამსჯელო ზომა დაკისრებული იქნა მოსახლეობისათვის თვითნებურად. სადამსჯელო რაზმის უკანონო მოქმედებამ, ასევე რაზმის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ მოსახლეობა სასოწარკვეთაში ჩააგდო, რამაც წარმოშვა სისხლისღვრის გარდაუვალი საფრთხე.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე სახელმწიფო დუმა მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს შემდეგი კითხვებით:
.
1) ცნობილია თუ არა მისთვის სადამსჯელო რაზმის მიერ სოფელ ლანჩხუთში ზემოხსენებული ქმდებების განხორციელების შესახებ;
2) რა ზომების გატარებას აპირებს ის უკანონოდ დაკისრებული ჯარიმებისა და მოსახლეობაზე ძალადობის აღკვეთის და სისხლისღვრის თავიდან აცილების მმიზნით?“
.
შემდეგში სხდომაზე მოხსენებას აკეთებს კავკასიის მთავარმმართებლის წარმომადგენელი ბარონი ნოლდე, რომლის განმარტებით ლანჩხუთში სადამსჯელო რაზმის შესვლა გამოიწვია 7 პირის დეზერტირობამ, ასევე ნოლდეს თქმით ლანჩხუთის საზოგადოებას არ ჰქონდა გადახდილი 5000 მანეთი სხვადასხვა გადასახადები. რის გამოც ადგილობრივმა პრისტავმა თხოვნით მიმართა პოდპოლკოვნიკ პრიხოდკოს შეეყვანა ჯარი ლნჩხუთში. ნოლდეს განმარტებით 47000 მანეთი ლანჩხუთის მოსახლეობას დაკისრებული ჰქონდა სახელმწიფო ტყის მოჭრისათვის. ასევე მისივე განმარტებით იმ დროისათვის 47000 მანეთი მოსახლეობიდან ამოღებული ჯერ არ იყო და ასევე მოსახლეობას პრეტენზია არ ჰქონდა ძალადობასთან დაკავშირებით.
.
ნოლდეს დუმის მხრიდან ოპონირებას უწევდა დეპუტატი ზურაბოვი, რომლის განმარტებითაც ნოლდე არასწორად ასახავდა არსებულ სიტუაციას, ნაწყვეტი ზურაბოვის სიტყვიდან:
„მთავრობის წარმომადგენელი ჩვენ გვეუბნება, რომ არანაირი საჩივარი ძალადობასთან დაკავშირებით არ შემოსულა. ამ შემთხვევაში მე ვსვამ კითხვას: სახელმწიფო დუმაში გამოგზავნილი ტელეგრამა რომელსაც ხელს აწერს 3000 მოქალაქე, არის თუ არა საჩივარი?“
.
ასევე ზურაბოვის სიტყვიდან: „ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ როცა პოდპოლკონიკ პრიხოდკოს დამსჯელი რაზმი ლანჩხუთში ჩავიდა, ჯარისკაცები ძალის გამოყენებით ამტვრევდნენ კარებს და სახლებიდან გაჰქონდათ ყველაფერი ლოგინებიც კი; მოსახლეობისათვის გაუგებარი იყო რისთვის ჩავიდა დასმჯელი რაზმი სოფელში. როცა იკითხეს რისთვის ხდებოდა ეს ყველაფერი, უპასუხეს: სანამდე არ გადმოგვცემთ დეზერტირებს და სანამ არ გადაიხდით ყველა გადასახადს მანამდე დამსჯელი რაზმი ლანჩხუთიდან არ გავაო. მოსახლეობას წარუდგინეს მოთხოვნა 50 000 მანეთზე, სინამდვილეში თუ კი ავიღებთ 47 000 მანეთს, რომელზეც ახლახანს საუბრობდა მეფისნაცვალის წარმომადგენელი და მას დავუმატებთ 5000 მანეთს, რომელზეც საუბრობს თავად პოლკოვნიკი ტოლმაჩოვი გამოდის, რომ მთლიანობაში მოთხოვნილი არის 52 000 მანეთზე მეტი, რის შემდეგაც მოსახლეობამ გამოგზავნა ტელეგრამა დუმაში.“
.
ასევე გამოსვლაში საუბარია სადამსჯელო რაზმის მიერ კავკასიის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ მასობრივ ძალადობაზე: „შევიდნენ თუ არა კაზაკები (რამდენიმე ასეული) მყისიერად მიეცათ სიგნალი, რის შემდეგაც ისინი დაერივნენ ქალებს, იჭერდნენ მათ ტყეში, ხრამებში, ყველა მხრიდან ისმოდა კივილი და ყვირილი, კაზაკები აუპატიურებდნენ ქალებს, აგლეჯდნენ ტანსაცმელს და სამკაულებს, რომელიც თან მიჰქონდათ.“
.
ამონარიდები ინფორმაციიდან – გაზეთ რეჩი 1907 წელი 25 მაისი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share