რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ირანში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან ევროპის ენერგოპოლიტიკაზე ირონიულად ისაუბრა.
“ისინი არატრადიციული ურთიერთობების დიდი სპეციალისტები არიან. აი, ენერგეტიკის სფეროშიც გადაწყვიტეს ფსონი ენერგიის არატრადიციულ ფორმებზე დაედოთ: მზის, ქარის ენერგია. ზამთარი გრძელი აღმოჩნდა. ქარი არ იყო და მორჩა”. – თქვა პუტინმა.
პუტინის მტკიცებით, დასავლეთში ენერგოკრიზისი გაზპრომის გამოწვეული არაა და ეს მათი ენერგოპოლიტიკის ბრალია.
ამჟამად რუსეთს ევროპისთვის ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით გაზის მიწოდება დროებით შეწყვეტილი აქვს. მიზეზად გეგმიური სამუშაოები სახელდება, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება და 10-12 დღის განმავლობაში გრძელდება. მიწოდება 11 ივლისს შეწყდა და გეგმის მიხედვით 21-ში უნდა აღდგეს, თუმცა არსებობს შიში, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას არ განაახლებს.
ჩრდილოეთის ნაკადი 1, რომელიც ბალტიის ზღვაზე გადის, ყოველწლიურად რუსეთიდან გერმანიაში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გზავნის. ამ გაზსადენზე ევროკავშირის მრავალი ქვეყანაა დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ბალტიის ზღვაზე გამავალი ჩრდილოეთის ნაკადი 1 გაითიშა, ევროპის ქვეყნები ბუნებრივ აირს უკრაინის გავლით იღებენ. იქმნება საფრთხე, რომ ევროპის ქვეყნები ზამთრის გაზის მარაგს ვერ შეავსებენ.
ევროკავშირს, რომელსაც რუსეთისთვის სანქციები აქვს დაწესებული, სურს, რომ 2027 წლისთვის რუსული წიაღისეული საწვავის გამოყენება შეწყვიტოს.