”ყველა იმას ემსახურება, ვინც ფულს უხდის – იდეოლოგია არაფერ შუაშია” – ასე აფასებს მსახიობი ბიძინა მახარაძე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას და “კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
”უკრაინაში ომის დაწყება ჩემთვის წარმოუდგენელი შოკი იყო, მეშინოდა, ამ ომის ტალღები ჩვენკენაც არ გადმოსულიყო.
ძალიან მიკვირს – არავინ ისე ღრმად არ აფასებს მოვლენებს, როგორც საჭიროა. ბევრი ფიქრისა და განსჯის მერე ერთ რამეს მივხვდი – იმ სიღრმეს, რომელიც ნამდვილ პოლიტიკას სჭირდება, ვერავინ სწვდება. ჩემი დაკვირვებით, ერთადერთი ლევან ვასაძეა, რომელიც მოვლენების ღრმა ანალიზის უნარს ამჟღავნებს. ის საინტერესოდ აზროვნებს, მაგრამ საქართველოში არ არის ისე პოპულარული, როგორც უნდა იყოს. ჩნდება შეკითხვა: რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ საუბრისას ცოფებს არ ყრის და მკერდში მჯიღს არ იცემს.
ემოციური ხალხი ვართ, სამხრეთული ტემპერამენტი თავისას შვრება. თანაც, რაღაც ჯგუფი ადამიანებისა “ზემოდან” უკვეთს თავის სათქმელს და ჩვენი პოლიტიკოსებიც მათ ჩანაფიქრს ახმაურებენ. მთავრობა ბიუჯეტიდან უხდის ფულს თავის წევრებს და საბიუჯეტო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან ფინანსდებიან და ყველა იმას ემსახურება, ვინც ფულს უხდის – იდეოლოგია არაფერ შუაშია. ალბათ, ამის ბრალია, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მკაფიოდ გამოკვეთილი ინდივიდები იშვიათად ჩანან.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კინკლაობით ვერც ერთი სახელმწიფო წინ ვერ წავა, ვერ განვითარდება. სულ სხვა პროცესები უნდა მიმდინარეობდეს, თუ გვინდა, რომ უკეთესი ქვეყანა ავაშენოთ. არ მინდა ზედმეტი ვთქვა, რადგან ამის გამო ბევრჯერ დავზიანდი: წინა ხელისუფლების წევრები ფიზიკურად მებრძოდნენ, ახლანდელებს კი ჩემთვის საერთოდ არ სცალიათ, მაგრამ მაინც ვიტყვი: ქვეყნისთვის ყველაზე მთავარ და მტკივნეულ პრობლემებზე არავინ ლაპარაკობს – რასაც ამბობენ, მხოლოდ კოსმეტიკაა.
ცუდი ის არის, რომ აღარც პური გვაქვს და აღარც – სანახაობა. ამით აიხსნება ქართველების მიგრაციაც. ეს მარტო ჩვენ არ გვჭირს – ნებისმიერი ადამიანი გარბის იმ ქვეყნიდან, რომელსაც უჭირს და მიდის იქ, სადაც უზრუნველყოფილი, ნორმალური ცხოვრება ეგულება. ეს ადამიანის ბუნებაა, რომელსაც ჩვენი ხასიათიც ხელს უწყობს: ქართველებს გვინდა, უცებ გავმდიდრდეთ, 1-2 დღეში რაღაც სასწაული მოხდეს და კარგად ვიცხოვროთ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება. დოსტოევსკის აქვს ნაწარმოები “მოთამაშე”, სადაც დაწვრილებით არის ახსნილი, როგორ აგროვებს გერმანელი თავის ქონებას: ჯერ ერთი თაობა აგროვებს ფულს, მერე მეორე თაობა ამატებს თავის ნაშრომს, მერე – მესამე და ასე, თანდათან იქმნება დოვლათი, რომელიც ამ ოჯახს აძლიერებს. კარგი იქნება, ამ თვისებას ჩვენც თუ შევიძენთ.” – აცხადებს მახარაძე.