უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების პირად ინფორმაციას რუსეთის უშიშროების სამსახურს საქართველოდან აწვდიან.
პოდოლიაკი “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა კონკრეტულ პირებს სამშობლოს ღალატისთვის პასუხი უნდა აგებინოს.
“უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ რატომ გვიყვარს საქართველო და ქართველები. ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება უყვართ, რისკების მიუხედავად მუდამ ერთად არიან და მხარდამხარ დგანან. ჩვენ გვყავს ქართველი პარტნიორები, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან. ეს მომენტი ქართველი ერის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, ის ყოველთვის ტყუის.
საქართველოს იმ მოქალაქეების გვარები, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების დასაცავად დგანან და იბრძვიან, რუსეთის ხელში მხოლოდ შიგნით მყოფი ინსურგენტების დახმარებით მოხვდა. ვგულისხმობ იმ თქვენს სუბიექტებს, რომლებსაც მსგავს ინფორმაციებთან წვდომა აქვთ. სასურველია, რომ ამ სუბიექტებს ჰკითხოთ, რატომ თამაშობენ რუსეთის დაზვერვის მიერ შემოთავაზებულ თამაშს და პასუხი აგებინოთ ეროვნული ინტერესების ღალატისთვის”, – თქვა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, “მთავარმა არხმა” მოამზადა რეპორტაჟი, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელშია. საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვიდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში. სამინისტრო ამბობს, რომ შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო.