გორელი გლეხები ვაშლს გადასაყრელად ამზადებენ. წელს შიდა ქართლში ხილის რეკორდული მოსავალია. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფერმერებს ეს ფაქტი არ უხარიათ. ვაშლი პრაქტიკულად არ იყიდება და გლეხებმა არც ის იციან, სად წაიღონ უხვი მოსავალი.
გადამყიდველები ხილს მესამედ ფასში ბარებენ. კიდევ უფრო ნაკლებია გადამამუშავებელი საწარმოების ფასი.
გამოუვალი მდგომარეობის გამო ფერმერების ნაწილმა უკვე ზაფხულის ბაღების გაჩეხვა დაიწყო.
შარშან იყო ვაშლის ქარხანაში ჩაბარების ფასი 8 თეთრი, იმასაც ხელზე კი არ გაძლევდნენ, ერთ თვეში გინაღდებდნენ. ვაშლის მოვლა 2700 ლარი მიზის, აი, ამ თანხას თუ ამოვიღებ, კარგი იქნება. – აცხადებს ადგილობრივი გლეხი, ბიძინა ჯავახიშვილი.
წელს შარშანდელთან შედარებით სამჯერ მეტი მოსავალი მოვიდა, თუმცა, ეს ფერმერებს არ უხარიათ. მათ არ იციან, სად გაყიდიან ამდენ ხილს, თან მოსავლის წყალში გადაყრა ენანებათ.
ერთ ტონამდე ჭურჭელი მაქვს, მეტს ვერ მოვაგროვებ. დილას ადრე უნდა წავიდე, ბაზარზე ვაჭარს მივყიდო. 40 თეთრი თუ მომცეს, კარგია, არადა, ზუსტად ეს ვაშლი თბილისში 3 ლარი ღირს – ამბობს ფერმერი.
გლეხები აპირებენ, ვაშლის ხეები გაჩეხონ და სხვა უფრო შემოსავლიანი კულტურა მოიყვანონ, რადგან ერთი კილო ვაშლის მოყვანა მათ დაახლოებით ლარი უჯდებათ იმ დროს, როცა იძულებული არიან, ეს ხილი 40 თეთრად გაყიდონ.
წინა წელს ფერმერებს მოსავალი აზერბაიჯანში გაჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბაჟოზე გადასახადი გააძვირეს, ეს საქმე უკვე წამგებიანი გახდა.
ტვ პირველი