ნინო წილოსანის “ქალაქი” – თბილისში 50 კორპუსის აშენება იგეგმება

სულ მალე დედაქალაქში ახალი ქალაქი გაჩნდება. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ყოფილი ვაგონთმშენის ტერიტორიაზე 217 188 კვადრატულ მეტრზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტს სულ 3 დამკვეთი ჰყავს, მასშტაბური მშენებლობის უკან კი დეპუტატი ნინო წილოსანი დგას.

ერთ-ერთი კომპანიის “იუ ეს თეიდინგ კომპანის” 25%-ი წილის მფლობელი თავად დეპუტატია. მეორე კომპანიის “ვილსონ გარდენის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი წილოსანის ოჯახის წევრები არიან. მათ შორის მისი ძმა – ირაკლი წილოსანი.

ამავე სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ტელეკომპანია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე. მესამე კომპანია კი სააქციო საზოგადოება “ფროუგრუპია” რომლის დირექტორიც გურამ რატიანია, რატიანი შედის საქართველოს ვაგონთმშენებელთა ჰოლდინგის საბჭოში, რომლის პრეზიდენტიც ნინო წილოსანის მამა – ბადრი წილოსანია.

დაგეგმილია 50 კორპუსის მშენებლობა, მათ შორის რამდენიმე ცათამბჯენის – სიმაღლე 117 მეტრი იქნება – ანუ 33 სართული. დანარჩენი კი 15 და 20 სართულიანი კორპუსები იქნება.

საპროექტო წინადადებაზე მშენებლობის ნებართვა ჯერჯერობით არ გაცემულა, თუმცა ის დასაშვებად მიიჩნია დედაქალაქის საკრებულომ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია გააგრძელებს პროექტზე მუშაობას მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად.

ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ პროექტი კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავს და ხარვეზიანია. პროექტს არ გააჩნია ან ნაწილობრივადაა დაგეგმილი საავტომობილო და საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს იმას, რომ დადიანის, წერეთლისა და მიმდებარე ვიწრო ქუჩებზე მოქალაქეებს საათობით მოუწევთ საცობში დგომა. მულტიფუნქციურ პროექტში ექცევა რკინიგზის ნაწილიც, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არსებობს გეგმა რა ბედი ელის რკინიგზის ამ მონაკვეთს.

ტერიტორიაზე, სადაც კორპუსები უნდა აშენდეს, ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით დედაქალაქის ამ ნაწილში მინიმალური შენობა-ნაგებობები უნდა აშენებულიყო. დანარჩენი ტერიტორია კი გამწვანებულიყო.

პროექტის თანახმად გაკეთდება გამწვანებაც, თუმცა ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მათი შემოთავაზებული გეგმა საკმარისი არ არის – 1 სულ მოსახლეზე 4 კვადრატული მეტრი გამწვანებაა გათვლილი, რაც საერთაშორისო სტანდარტებს მინიმუმ 4-ჯერ ჩამორჩება.

პროექტი არ ითვალისწინებს არც საკანალიზაციო და არც სანიაღვრე სისტემების მოწყობას, რაც იმას ნიშნავს რომ განაშენიანების შემთხვევაში კორპუსები დიდუბე-ჩუღურეთისა და ნაძალადევის ძველ სისტემებს დაუკავშირდება, რაც საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის სრულ კოლაფსს გამოიწვევს. პროექტის დასრულების მაქსიმალური დრო 15 წელია.

ნინო წილოსანმა “მთავარს” მოკლე შეტყობინება გამოუგზავნა და უთხრა, რომ “ტყუილებზე კომენტარის გაკეთება არ სურს”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share