გურული მოჯირითეები უცხოეთში ყოფნისას ცდილობდნენ არაფერი ისეთი არ ჩაედინათ, რაც მათ შეარცხვენდა, ამას ადასტურებს კირილე ხოფერიასა და გიორგი ჩხაიძის მოგონებანიც _ გურულები ყოველ კვირას ეკლესიაში (თუ ბერძნული არ იყო, კათოლიკურში) წირვას ესწრებოდნენ, რესტორნებში ევროპულ ტანსაცმელში, ან ჩოხა-ახალუხში გამოწყობილნი შედიოდნენ (ჩაცმულობა დამოკიდებული იყო კონტრაქტის პირობებზე).
ბევრმა ამა თუ იმ კერძის ჭამის წესი არ იცოდა, ამიტომ სხვებს აკვირდებოდა. გურულების მადის შესახებ წერდნენ, რომ მათ ქვა რომ გადააყლაპო, იმასაც მოინელებენო. ბაფალო ბილის ,,ველური” დასავლეთის შოუს მთავარი მზარეული ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობდა:
,,…ჩვენ ყოველდღე ვამზადებთ 800-დან 1000-მდე ბიფშტექსს… ო, ბიჭები ბიფშტექსის ნამდვილი მტრები არიან! კაზაკებს და ინდიელებს ხორცი უნდათ სამჯერ დღეში და ისინი მას ღებულობენ!”
ერთხელ მოჯირითეები სასადილოში შესულან და ერბო-კვერცხი მოუთხოვიათ, მაგრამ ინგლისურის არცოდნის გამო ოფიციანტს ვერაფერი გააგებინეს. მაშინ მოჯირითე სერაპიონ იმნაძე ოდნავ ჩაიცუცქა, ხელები ქათმის ფრთებივით აამუშავა და კაკანი მორთო: კო-კო-კო!
ამან სასადილოში მხიარულება გამოიწვია, ოფიციანტი კი მიუხვდა თუ რა უნდოდათ ამ უცნაურ გადამთიელებს.