ლარის გამყარება-გაუფასურება – რისთვის, ვისთვის არის (არა) ხელსაყრელი?

ლარი ისევ გამყარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ღირებულება 2.8019-დან 2.7891 ლარამდე შემცირდა. მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, ლარი სწრაფად უფასურდებოდა და ეროვნულმა ბანკმა, 17 აგვისტოს, აუქციონზე გასაყიდად 20 მილიონი დოლარი გაიტანა.

რადიო თავისუფლებას საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) უთხრეს, რომ ჩარევა “გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის შერბილების” მიზნით გადაწყდა. რამდენიმე დღის წინ, ლარის გამყარების ტენდენციით კმაყოფილება გამოხატა ფინანსთა მინისტრმა.

  • რა განაპირობებს და რას განაპირობებს ლარის კურსის გამყარება?
  • შესაძლებელია თუ არა ლარის კურსის პროგნოზირება?

ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსი, მეტ-ნაკლები ცვლილებებით, გამყარების ტენდეციას ინარჩუნებდა; თუმცა 15 აგვისტოს, დოლართან მიმართებით, ლარი ერთბაშად თითქმის 8 თეთრით გაუფასურდა (2.7089-დან 2.7877-მდე) .

15 აგვისტოს გამართული ვაჭრობის შედეგით, ლარმა გაუფასურება განაგრძო და 1 დოლარი 2.8019 ლარი გახდა. იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდა 17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგითაც.

ეკონომისტები ხშირად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში გამართულ სამი აუქციონის ფარგლებში, ჯამში, 70 მილიონი დოლარი შეისყიდა. იმოქმედა თუ არა ამან ლარის კურსზე?

  • 2022 წლის 10 აგვისტო – 40 000 000 აშშ დოლარი
  • 2022 წლის 5 აგვისტო – 20 000 000 აშშ დოლარი
  • 2022 წლის 1 აგვისტო – 10 000 000 აშშ დოლარი

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, მზარდი სავალუტო შემოდინებების გამო, ეროვნულ ბანკს აგვისტო ყოველთვის აძლევდა დოლარის შესყიდვისა და სავალუტო რეზერვის შევსების საშუალებას, რადგან „სავალუტო შემოდინებები, იმავე ტურიზმის მიმართულებიდან, აგვისტოში უფრო მეტია, ვიდრე წელიწადის სხვა დროს“ და შესაბამისად, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა იკლებს.

“ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვა ანელებს ლარის სწრაფად გამყარების რისკსაც, რათა ამოვარდეს ბიზნესისთვის დამაზიანებელი სეზონურობის ფაქტორი… აგვისტოში ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი ისედავ ბუნებრივია, გაზრდილი შემოდინებების გამო… და რომ არ მოხდეს ისე, რომ ლარი ზედმეტად გამყარდეს აგვისტოში და ამას შემდეგ, მკვეთრი გაუფასურება მოჰყვეს, ვთქვათ, ოქტომბერში“, – გვეუბნება კეპულაძე.

ექსპერტს ის უფრო აკვირვებს, თუ რატომ გახდა საჭირო საპირისპირო ნაბიჯის ასე მოკლე დროში გადადგმა, როცა ეროვნული ბანკის მიერ, ერთი კვირით ადრე, დოლარის მასშტაბური შესყიდვა მოხდა.

17 აგვისტოს გამართულ აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 20 000 000 დოლარი გაიტანა და შედეგად, 8 305 000 აშშ დოლარი გაიყიდა. ეკონომისტებისთვის ეს იმის მანიშნებელია, რომ ბაზარზე დოლარზე მოთხოვნა შემცირებულია.

გადაწყვეტილების მიზეზი თავად ეროვნულ ბანკს ვკითხეთ. დაგვიდასტურეს, რომ ეს ნაბიჯი ბოლო პერიოდში ლარის სწრაფად გაუფასურებით იყო ნაკარნახევი.

„ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციების ერთ-ერთი მიზანია გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის შერბილება, როდესაც ინტერვენციას ამის უნარი შესწევს. სავალუტო ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი ან ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას“, – გვითხრეს ეროვნულ ბანკში.

ზოგადად, ეკონომისტებისთვის ცხადია, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენცია ლარის კურსზე მხოლოდ მოკლევადიან ზეგავლენას ახდენს; ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კურსს მაინც ბაზარი არეგულირებს.

ბოლო თვეებში ლარის კურსის მნიშვნელოვან გამყარებას ხელისუფლება მნიშვნელოვან შედეგად მიიჩნევს.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ „ლარის გამყარებას ეკონომიკური აქტივობა უზრუნველყოფს“ და „საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარი დოლართან მიმართებით სტაბილურობას შეინარჩუნებს“.
„[უკრაინაში] ომის დაწყების შემდეგლარის დაახლოებით 60-თეთრიანი გამყარება გვაქვსრაზეც ვერ იტყვით, რომ არ არის მნიშვნელოვანი– აცხადებს მინისტრი.

ვისთვის და რისთვის არის ხელსაყრელი ლარის გამყარება?

ექსპერტები ხშირად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ევროვნული ვალუტის გამყარებამ, თეორიულად, იმპორტის გაიაფება და ფასების შემცირება უნდა გამოიწვიოს; ივლისში, ინფლაციის მაჩვენებელი (11,5% ) თითქმის 4-ჯერ აჭარბებდა ინფლაციის დაგეგმილ, 3%-იან ზღვარს.

„მყარდებოდა ლარი ბოლო თვებში, მაგრამ ფასები არ იკლებდა. ფაქტია, რომ ფასები არ მცირდება. შეიძლება ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდეს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ გაიაფება მაინც არ იქნება წინა წლებთან შედარებით. ფასების შესამცირებლად აუცილებელია საწვავის მნიშვნელოვანი, რეალური გაიაფება, რაც შემდეგ სხვა საქონლის ფასზეც აისახება“, – ამბობს ეკონომისტი ნიკა შენგელია, რომლის შეფასებითაც, საწვავის ფასს ლარის გამყარება აკავებს და ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში, საწვავის ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება.

ასევე, მისი თქმით, ლარის გაუფასურების შემთხვევაში “ინფლაციას ვეღარ მოთოკავენ”.

ინფლაციის მაჩვენებელი სამომხმარებლო კალათაში შემავალ (300-ზე მეტ) პროდუქტზე ფასების საშუალო დონის მიხედვით გამოითვლება და შესაბამისად, ფასების ზრდა ინფლაციის მაჩვენებლის ზრდასაც იწვევს. ინფლაცია ასევე განიმარტება როგორც ეროვნული ვალუტის სყიდვითუნარიანობის კლება, როცა მომხმარებელს ბევრი ფულით უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვა შეუძლია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაცია დღეს გლობალური გამოწვევაა. “რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მწვავე – სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდაა. ბოლო პერიოდში გარკვეული სტაბილიზაციის მიუხედავად, მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც მსოფლიოში და მათ შორის – საქართველოში, მაღალი ინფლაციის მნიშვნელოვანი მიზეზია”, – ამბობს გვენეტაძე.
სწორედ ინფლაცია დასახელდა მიზეზად, როცა ეროვნულმა ბანკმა, 3 აგვისტოს სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.
სებ-ი აცხადებს, რომ „ინფლაციის კლებასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება“ და ეს, სავარაუდოდ, 2023 წლის მეორე ნახევარში მოხდება – „გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად და გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის შემთხვევაში“.

იმპორტისგან განსხვავებით, ეკონომისტების გათვლით, ლარის გამყარება არცთუ სახარბიელოა ექსპორტიორებისთვის. ნიკა შენგელია სწორედ ლარის ბოლოდროინდელ კურსს მიაწერს, მაგალითად, შიდა ბაზარზე თხილისა და ატმის გაიაფებას, რადგან, გამყარებული ლარის პირობებში, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები ექსპორტიორებს შიდა ბაზარზე “გლეხებისთვის ხელსაყრელი ფასის გადახდის საშუალებას აღარ აძლევს”.

ასევე ექსპერტი ვარაუდობს, რომ გამყარებული ლარის პირობებში, საქართველო შესაძლოა აღარ დარჩეს მიმზიდველი ტურისტებისთვის, “როცა, ვთქვათ, 100 დოლარის გადახურდავების შედეგად, ისინი უფრო ნაკლებ ლარს აიღებენ და შესაბამისად, დასახარჯადაც ნაკლები ექნებათ”.

როგორია პროგნოზი?

ეკომომისტები საქართველოში ლარის კურსის გამყარების სამ ძირითად ფაქტორს ასახელებენ:

  • ტურისტების რიცხვის ზრდა,
  • ფულადი გადმორიცხვების ზრდა (დიდწილად რუსეთიდან),
  • ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა.
ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის ივლისში ექსპორტმა 540.2 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.8%-ით მეტია. წლის პირველ 7 თვეში ექსპორტი გაიზარდა 36.3%-ით და 3,098.7 მლნ. დოლარს გაუტოლდა.

 

გიორგი კეპულაძეს, მრავალი ფაქტორის გამო, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზირება შეუძლებლად მიაჩნია „მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა“.

ნიკა შენგელია კი მოელის, რომ დოლართან მიმართებით ლარის კურსი არც 2.7-ზე მეტად გამყარდება და არც 2.8-ზე მეტად გაუფასურდება. ექსპერტი თვლის, რომ, თუკი ეროვნული ვალუტა 2.7-იან ნიშნულზე მეტად გამყარდება, ექსპორტს სერიოზული პრობლემები შეექმნება “და ამას არავინ დაუშვებს”.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share