“ამ დასვენების დღეებში უამრავ ადამიანთან მქონდა კონტაქტი და ზაფხულის პოლიტიკურ შთაბეჭდილებებს მინდა მოვუყარო მოკლედ თავი. სიტუაცია ასეთია – “ოცნება” აღარ უნდა ამომრჩევლის უმრავლესობას, თან კატეგორიულად აღარ უნდა.
მაგრამ არც ის იციან, ვის მისცენ ხმა. ოპოზიციაშიც ვერ ხედავენ გამოსავალს, რადგან არ იციან, რა უნდა ოპოზიციას, საერთოდ, რას აპირებს ესა თუ ის პარტია, რას გვპირდება, რისი თავი აქვს ან რისი გამკეთებელია” – ამის შესახებ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ პოლიტიკოსები ადამიანებს არ აუხსნიან, ვის როგორ წარმოუდგენია ქვეყნის მართვა, კრიზისების დაძლევა, ხვალინდელი დღე, სულ უფრო და უფრო დავკარგავთ ცვლილებების რეალურ შანსს უახლოეს მომავალში.
“ხოდა, ამ ახალი პოლიტიკური სეზონიდან, წყალ-წყალა განცხადებების მიღმა, თუ პოლიტიკოსები ადამიანებს არ აუხსნიან, ვის როგორ წარმოუდგენია ქვეყნის მართვა, კრიზისების დაძლევა, ხვალინდელი დღე, სულ უფრო და უფრო დავკარგავთ ცვლილებების რეალურ შანსს უახლოეს მომავალში. არადა, ცვლილებები გვჭირდება სასწრაფოდ და წყალივით.
ცვლილებებისთვის მოსახლეობის უმრავლესობა არის მზად. არ ვიცი, რამდენად მზადაა პოლიტიკური სპექტრი (ოპოზიციას ვგულისხმობ). ახალი სუნთქვა უნდა გაიხსნას ოპოზიციურ ფლანგზე, თორემ უფრო და უფრო ჩავიძირებით ჭაობში. იცით როგორი სიტუაციაა? როგორც იტყვიან, ხელისუფლება ქუჩაში რომ გდია და ამღები არავინაა. პარდონ გულწრფელობისთვის და შეხვედრამდე სექტემბრიდან სტუდიაში ‘ – წერს გრიგოლია.